„ახალაია დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის პატრიარქს ამოეფარა“
როლანდ ახალაია დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის პატრიარქს ამოეფარა, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მანანა კობახიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის გაუმართლებელია საპატრიარქოს ან პატრიარქს ამოეფარო.
“ეს თავად ახალაიასთვის არის შეურაცხმყოფელი. არ შეიძლება დანაშაულებრივი ქმედებების გამართლებისთვის ამოიფარო საპატრიარქო ან პატრიარქი. მე დარწმუნებული ვარ, საპატრიარქო განცხადებას გააკეთებს და მეორეც, როგორც შეიძლება, პატრიარქს თანხმობა მიეცა გაუბედურებული ადამიანებისგან ჩამორთმეული, სისხლის სამართლის საქმიდან ამოღებული თანხებით რაღაც რეზიდენციის მშენებლობაზე. ეს უბრალოდ დაუჯერებელია და გამორიცხული. ესეც მეტყველებს, რომ ყველაფერზე წამსვლელი არიან, ოღონდ თავი გადაირჩინონ”, – განაცხადა მანანა კობახიძემ და აღნიშნა, რომ როლანდ ახალაიას მიმართ დაწყებული პროცესები საზოგადოებამ მის პოლიტიკურ დევნად არ უნდა ჩათვალოს, რადგან დეპუტატის მანდატი ადამიანისთვის დანაშაულის არიდების საშუალებას არ იძლევა.
“2004 წლის საკანონმდებლო ცვლილებებით, სააკაშვილმა რომ ზარზეიმით აღნიშნა, დეპუტატები იმუნიტეტს იხსნიან და მათ პასუხისმგებლობების არ ეშინიათო, სწორედ ამ ფონზე, კონსტიტუციიდან ამოღებულ იქნა ნორმა, რომლითაც დეპუტატისთვის სისხლის სამართლებრივი დენის დასაწყებად აუცილებელი იყო პარლამენტის თანხმობა. ეს ნორმა არც კონსტიტუციაში და არც პარლამენტის რეგლამენტში გაწერილი არ არის. მაგრამ ეს ნორმა არის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში, სადაც გარკვეული ცვლილებები შევიდა 2010 წელს და შემდეგაც განხორციელდა. კერძოდ, დეპუტატის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისაცემად საჭიროა პარლამენტის თანხმობა. უფრო მაღალი საკანონმდებლო აქტი -კონსტიტუცია კი ამ ნორმას არ იცნობს. მსგავს რამეს არ იცნობს არც პარლამენტის რეგლამენტი”, – აღნიშანა კობახიძემ
შეგახსენებთ, რომ მთავარმა პროკურატურამ დეპუტატ როლანდ ახალაიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისა და ბრალდებისათვის თანხმობის მისაღებად პარლამენტს მიმართა.