საკონსტიტუციო სასამართლო მერაბ ტურავასთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს
გიგი უგულავას საქმის გადაწყვეტილების გამოცხადების გადადებასთან და დღეს განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო მორიგ საგანგებო განცხადებას ავრცელებს. როგორც სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, “მედინაში“ გადაწყვეტილებაზე ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას, მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე.
ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ სასამართლოს პლენუმის სხდომაზე მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას გადაეცა.
საკონსტიტუციო სასამართლო ასევე განმარტებას აკეთებს მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა. სასამართლოში აცხადებენ,რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება კანონით აკრძალულ ქმედებას წარმოადგენს. სასამართლო მერაბ ტურავას მოუწოდებს, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.
“საქმეზე „საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ (N646 კონსტიტუციური სარჩელი) არსებული მომეტებული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საკონსტიტუციო სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მიაწოდოს საზოგადეობას ინფორმაცია აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გადაწყვეტილების გამოცხადების უზრუნველსაყოფად გატარებული ღონისძიებების შესახებ. 2015 წლის 16 სექტემბერს, შპს ირის ბორჩაშვილის სახელობის ჯანმრთელობის ცენტრ მედინაში, გადაწყვეტილებაზე (საქმეზე საქართველოს მოქალაქე გიორგი უგულავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, N646 კონსტიტუციური სარჩელი) ხელმოწერის უზრუნველყოფის მიზნით, საკონსტიტუციო სასამართლო სრული შემადგენლობით შეხვდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლე მერაბ ტურავას. მოსამართლე მერაბ ტურავამ უარი განაცხადა გადაწყვეტილების ხელმოწერაზე. ზემოაღნიშნული ფაქტი, ისევე როგორც 2015 წლის 15 სექტემბერს N646 კონსტიტუციური სარჩელზე გადაწყვეტილების ხელმოწერისა და შემდგომი გამოცხადების მიზნით დანიშნულ საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის სხდომაზე საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის, მერაბ ტურავას, გამოუცხადებლობის საკითხი, შესასწავლად და შესაბამისი დასკვნის მოსამზადებლად გადაეცა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ეთიკისა და დისციპლინურ საქმეთა კომისიას. კომისიის დასკვნა შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცემა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო ასევე მიზანშეწონილად მიიჩნევს კომენტარი გააკეთოს ბატონი მერაბ ტურავას მიერ მასმედიით გავრცელებულ ინფორმაციაზე, იმის შესახებ რომ მას გადაწყვეტილების სრული ტექსტი დაგვიანებით მიეწოდა, ხოლო მოსამართლეებმა მოუმზადებლად დააფიქსირეს საკუთარი პოზიციები აღნიშნული საქმის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეახსენებს საზოგადოებას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებისას გამართული თათბირის არსის გამჟღავნება წარმოადგენს კანონით აკრძალულ ქმედებას და მოუწოდებს ბატონ მერაბ ტურავას, თავი შეიკავოს მსგავსი შინაარსის განცხადებების გავრცელებისაგან.
ამასთანავე, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო აცხადებს, რომ საქართველოს საკონსტიტიციო სასამართლოს პლენუმის ყველა წევრს ჰქონდა გონივრული ვადა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების პროექტის გასაცნობად, აზრის გამოსათქმელად და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსიელებების განსახორციელებლად, რაც საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის დანარჩენი წევრების მიერ სრულად იქნა რეალიზებული“, – აღნიშნულია საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.