გაერო აფხაზეთს 15 მილიონს გამოუყოფს – რას ფიქრობს თბილისი?

  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილის ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, გაეროს მხრიდან აფხაზეთისთვის 15 მილიონი აშშ დოლარის გამოყოფა საქართველოს ხელისუფლებასთან შეთანხმებულად ხდება.
როგორც ციხელაშვილმა “კვირას“ განუცხადა, საქართველოს ხელისუფლება დეტალებს, თუ რა პროექტები და როგორ უნდა განხორციელდეს, გაეროს წარმომადგენლებისგან ხვალ მოისმენს.
“გაერო წლებია საქართველოს სხვადასხვა რეგიონისთვის, ძირითადად, ჰუმანიტარული პროექტების დასაფინანსებლად ფინანსებს გამოყოფს. საქართველოში გაეროს ოფისს რეგულარული კომუნიკაცია აქვს ჩვენთან. ისინი, ძირითადად, ჰუმანიტარულ აქტივობებს ეწევიან. აფხაზეთისთვის გამოყოფილი თანხა მოხმარდება გალის და სხვა რაიონებში მცხოვრები მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას. ხვალ არის დაგეგმილი შეხვედრა საქართველოში გაეროს ოფისის წარმომადგენლებთან, მათგან დეტალურად მოვისმენთ ინფორმაციას, თუ რა პროექტები უნდა დაფინანსდეს. ეს არის ჰუმანიტარული ხასიათის პროექტები, რომლებიც არ უკავშირდება დე ფაქტო უწყებებსა და ე.წ ინსტიტუტების დაფინანსებას“,- განუცხადა“კვირას“ ქეთევან ციხელაშვილმა.
მინისტრის მოადგილის თქმით, საქართველოს ინტერესია, რომ პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციები ჩართულნი იყვნენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე აქტივობით და კონფლიქტის ზონის მოსახლეობა “ჩამოკიდებული არ იყოს რუსეთზე“.
აფხაზეთის ე.წ. რესპუბლიკის პრეზიდენტმა გაეროს განვითარების პროგრამების მუდმივი კოორდინატორი ნილსა სკოტი მიიღო,- ამის შესახებ ინფორმაციას „აპსნიპრესი“ ავრცელებს.
როგორც აფხაზური მედია იუწყება, ის „პრეზიდენტს“ აფხაზეთში 15 მილიონი დოლარის პროექტების დაფინანსებას დაჰპირდა. სკოტის განცხადებით, დაფინანსების თანხა შეიძლება გაიზარდოს, თუ აფხაზეთის ხელმძღვანელობა გაეროს დონორ ქვეყნებს პირდაპირ მიმართავს და თუ დაფინანსების თანხის გაზრდის აუცილებლობაში დაარწმუნებს. ანქვაბმა გაეროს წარმომადგენელთან შეხვედრაზე იმ პროექტებზე ისაუბრა, რომელსაც გაეროს მიერ გამოყოფილი თანხებით დააფინანსებს. მისი თქმით, პროექტები სოციალური ხასიათის იქნება.
გაეროს წარმომადგენელი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა იმ ობიექტების მოსანახულებლად მიიწვია, რომელიც რუსეთის დახმარებით აიგო. “ეს არის რეალური და კონკრეტული დახმარება, ასევე გულწრფელად მინდა, რომ გაეროს დახმარებამაც რეალური კვალი დატოვოს აფხაზეთში “, – განაცხადა ანქვაბმა გაეროს წარმომადგენელთან საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები