დავით დონდუამ გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბარი გამართა (ვიდეო)
2014 წლის 13 ივლისს, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელმა დავით დონდუამ სატელეფონო საუბარი გამართა ჟენევის მოლაპარაკებებში რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელთან, გრიგორი კარასინთან. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, საუბრის დროს ქართულმა მხარემ ღრმა შეშფოთება გამოთქვა რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ, 10 ივლისს, გორის რაიონის სოფელ წითელუბნის და ოკუპირებული ახალგორის რაიონის სოფელ ორჭოსანის მიმდებარე ტერიტორიაზე, თბილისი-გორის ცენტრალური ავტომაგისტრალის სიახლოვეს, ე.წ. „საზღვრის“ აღმნიშვნელი ბანერების უკანონოდ აღმართვის გამო. დ. დონდუამ მოუწოდა რუსულ მხარეს, როგორც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელ ძალას, შეწყვიტოს პროვოკაციული ქმედებები, რომლებიც მიზნად ისახავს ადგილზე ვითარების დესტაბილიზაციას. მკაფიოდ აღინიშნა, რომ რუსული მხრიდან მსგავსი პროვოკაციული ქმედებები ხელს არ შეუწყობს პროგრესის მიღწევას ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, რომელიც წარმოადგენს ერთადერთ ფორმატს რუსეთსა და საქართველოს შორის უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებული და ჰუმანიტარული საკითხების განსახილველად.