დავით უსუფაშვილი საქართველოში თურქეთის ელჩს შეხვდა

  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს ლევენთ გუმრუქჩუნს შეხვედრა. მხარეების შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. შეხვედრაზე საუბარი ორმხრივ ურთიერთობებს შეეხო და აღინიშნა, რომ საქართველოს და თურქეთს წარმატებული და პოზიტიური თანამშრომლობა აკავშირებს, რასაც მოწმობს უკვე განხორციელებული მაღალი დონის ვიზიტები.
ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ფარგლებში მხარეებმა პრემიერ-მინისტრების და პარლამენტის თავმჯდომარეების სამომავლო ვიზიტებიც განიხილეს. დავით უსუფაშვილმა თურქი კოლეგა საქართველოში ოფიციალურად მოიწვია. საპარლამენტთაშორისო ურთიერთობებზე საუბრისას ყურადღება გამახვილდა ევროპასთან დაახლოების პროცესში კანონმდებლობის ჰარმონიზაციის სფეროში თურქეთის გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე. დავით უსუფაშვილმა თურქ დიპლომატს ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებები გააცნო. საუბარი შეეხო ადგილობრივი თვითმმართველობის და საკონსტიტუციო რეფორმებს და სხვა იმ დემოკრატიულ პროცესებს, რომლებიც ახალი ხელისუფლების მიერ განხორციელდა.
პარლამენტის თავმჯდომარემ სტუმართან ქვეყნის საგარეო გამოწვევებზე, უკრაინაში არსებულ ვითარებაზე და პარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაზეც ისაუბრა.
ლევენთ გუმრუქჩუმ საქართველოში განხორციელებული დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნები დადებითად შეაფასა. შეხვედრის დასასრულს თურქეთის ელჩმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციაზე თურქეთის მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დააფიქსირა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები