ჩეხეთის საელჩომ მოსახლეობის დასახმარებლად სპორტული ფეხსაცმელი საბურთალოს გამგეობას გადასცა
ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩომ საქართველოში 13 ივნისს მომხდარი სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად ქალისა და მამაკაცის სპორტული ფეხსაცმელი საბურთალოს რაიონის გამგეობას გადასცა.
100 წყვილი სპორტული ფეხსაცმელი საქართველოშია დამზადებული. პროდუქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კავშირის“ ოთხთვიანი პროექტის ფარგლებში აწარმოეს. ჩეხეთის საელჩოს მიერ დააფინანსებული პროექტის ფარგლებში ფეხსაცმლის დამზადების ტექნოლოგია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს შეასწავლეს, დამზადებული ფეხსაცმელები კი საბურთალოს რაიონის გამგეობას გადასცეს.
საბურთალოს რაიონის გამგებლის ბექა მიქაუტაძის განცხადებით, მძიმე დღეებში ქართველი ხალხისთვის გაწეული დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია.
„ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი სახის დახმარება იმ მოსახლეობისათვის, რომელიც გამანადგურებელმა სტიქიამ უსახლკაროდ დატოვა. ორმაგად ამაღელვებელია ის ფაქტი, რომ ეს პროდუქცია არის დამზადებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიერ, რომლებიც მათ ნახელავს უსასყიდლოდ გადასცემენ სტიქიით დაზარალებულ თანამოქალაქეებს“, – განაცხადა ბექა მიქაუტაძემ.
ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩმა დადებითად შეაფასა თბილისის მთავრობის მუშაობა კრიზისების მართვის თვალსაზრისით და მადლობა გადაუხადა საბურთალოს რაიონის გამგებელს სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების ეფექტურად და ოპერატიულად წარმართვისათვის.
შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასაქმების კავშირის“ წარმომადგენელიც ესწრებოდა. ლადო ასლამაზიშვილის განცხადებით, შეუფასებელია ის ყურადღება, რომელსაც ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩო უკვე ექვსი წელია იჩენს საქართველოში მცხოვრები შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მიმართ. მისივე თქმით, ამ პროექტების შედეგად უამრავი შშმ პირი დღეს დასაქმებულია .