ოგბაიძე მარჯვენასაჭიანი მანქანების მეპატრონეებს საჭის მარცხნივ გადატანას არ ურჩევს – რა უნდა გაითვალისწინონ მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მფლობელებმა
„არც საკრებულო და არც მერია მარჯვენასაჭიანების ექსპლუატაციის ან იმპორტის აკრძალვის საკითხს არ განიხილავს, ეს არც არის მათი საქმე“, – აღნიშნული განცხადება საკრებულოს წევრმა შალვა ოგბაიძემ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში გააკეთა. ოგბაიძის განცხადებით, მარჯვენასაჭიანების სიმრავლე მოსახლეობის სიდუხჭირით და მისი დაბალი ფასით არის განპირობებული. საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მარჯვენასაჭიანი მანქანები გარკვეულ უხერხულობას ქმნის, თუმცა მოსახლეობისთვის საშიშნი არ არიან. მან მარჯვენასაჭიანი მანქანის მეპატრონეებს გარკვეული რეკომენდაციებიც მისცა. „ ეს არის თითიდან გამოწოვილი თემა. მარჯვენასაჭიანი მანქანების აკრძალვა გარკვეული თემების გადასაფარად კარგად მუშაობს. ჩვენს თანამოქალაქეებს არა აქვთ ახალი თანხა, ჩვეულებრივი ავტომობილების შესაძენად და ამიტომაც საქართველოს ავტოპარკი ყოველწლიურად 70-80 ათასი ავტომობილით ივსება, აქედან მხოლოდ 7-8 ათასი არის ახალი, დანარჩენი მეორადია. ამ მეორად ავტომობილებში ყველაზე იაფი სეგმენტი არის მარჯვენასაჭიანი იაპონური ავტომობილები. ეს ავტომობილები საკმაოდ კარგი რესურსის მქონეა, მოწესრიგებული და ეკოლოგიურად უსაფრთხოა. მათი ნაკლი ის არის, რომ მარჯვენა საჭე აქვთ, თუმცა გარკვეულ უხერხულობას ქმნიან. იმის დამადასტურებლად, რომ ეს მანქანები საზოგადოებას აწუხებს, აუცილებელია არსებობდეს ელემენტარული სტატისტიკა, თუ 100 საგზაო – სატრანსპორტო შემთხვევიდან, რომლებიც აღრიცხულია, რამდენი მოდის მარჯვენასაჭიანზე, ან ჯარიმები, რომლებიც იწერება დარღვევებისათვის, რამდენი მოდის ასიდან მარჯვენასაჭიანებზე. თუ ეს ციფრი მაღალი იქნება და გარკვეულ კრიტიკულ ზღვრამდე მივა, მაშინ ის საზოგადოებისთვის საშიში იქნება. საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს, რომ მარჯვენასაჭიანი ავტომობილების მფლობელებმა არ გადაიტანონ საჭე მარცხნივ და აუცილებლად მოაწესრიგონ მაშუქი ელემენტები. ჩვეულებრივი მანქანების შუქი მარჯვენა მხარეს არის მიმართული ისე, რომ არ დააბრმავოს შემხვედრი და მარჯვენა გზის გვერდული გაანათოს, რათა მან გზის გვერდულზე გაჩერებული ავტომობილი ან მიმავალი ადამიანი შენიშნოს. იაპონურ მანქანებს გაბნევის კონა მიმართული აქვთ მარცხნივ, შემვედრ მიმართულებაზე, ეს გვიქმნის პრობლემას. გარდა ამისა, ვისურვებდი, რომ მარჯვენასაჭიან ორკარიან მანქანებს „ტაქსაობა“ აეკრძალოთ. ეს საფრთხეს უქმნით თანამოქალეებს, რომელთაც შემხვედრ ზოლზე უწევთ გადასვლა იმისთვის, რომ ტაქსში ჩაჯდნენ“,- განაცხადა შალვა ობგაიძემ.