თამარ ტალიაშვილი: სექტემბრიდან 55 000 ბავშვი საბავშვო ბაღებში ისწავლის
„სექტემბრიდან, 55 000 ბავშვი საბავშვო ბაღებში ისწავლის“, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში, საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, თამარ ტალიაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო 10 თვის განმავლობაში ჩატარებული თანამიმდევრული მუშაობის შედეგად, სექტემბრიდან საბავშვო ბაღები 5 000-ზე მეტ ბავშვს მიიღებენ.
როგორც ტალიაშვილმა აღნიშნა, თუ გასულ წელს საბავშვო ბაღებში 49 700 ბავშვი დადიოდა საბავშვო ბაღებში, წელს 55 000 ბავშვი საბავშვო ბაღებში ისწავლის.
მისივე თქმით, იანვრისთვის ოთხი ახალი საბავშვო ბაღი შევა ექსპლუატაციაში. თამარ ტალიაშვილმა დასძინა, რომ ეს ყოველივე იმ პირობებში ხდება, როდესაც 4 800 სასკოლო მზაობის ასაკის ბავშვი რჩება ისევ ბაგა – ბაღებში.
“ეს იმას ნიშნავს, რომ 4 800 ბავშვი რომ წასულიყო სკოლაში, ჩვენ დღეს გასულ წელთან შედარებით 10 000-ზე მეტ ბავშვს მივიღებდით საბავშვო ბაღებში”, – დასძინა თამარ ტალიაშვილმა.
მისივე თქმით, თბილისის საბავშვი ბაღებში პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უკვე გაიარეს ოთხი სპეციალური კატეგორიის ბავშვებმა, კერძოდ, ესენი არიან: სოციალურად დაუცველი ბავშვები, დედმამიშვილები (ბავშვები, რომლებსაც და ან ძმა უკვე ჰყავთ იმავე სააღმზრდელო დაწესებულებაში), სპეციალური საჭიროების მქონე პატარები და სტიქიით დაზარალებული ბავშვები.