კორტავას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატებმა სააპელაციო განაჩენი უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს

ლევან კორტავას საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, თეიმურაზ გურეშიძის მიმართ სააპელაციო სასამართლოს გამოტანილი განაჩენი გურეშიძის ადვოკატებმა უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრეს.
როგორც გურეშიძის უფლებადამცველებმა: გაგი მოსიაშვილმა და მერაბ ჩიქოვანმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში განმარტეს, სააპელაციო სასამართლოს განაჩენი უკანონოა.
„ როგორც ქუთაისის საქალაქო, ისე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გურეშიძისა და სხვათა მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი უკანონოა. გურეშიძეს სასჯელის მოხდა იმ დანაშაულისთვის უწევს, რომელიც არ ჩაუდენია. ჩვენ სასამართლოს წარვუდგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც გურეშიძის უდანაშაულობას ამტკიცებს. ამ საქმეში 14 მოწმე არსებობს. საქმეზე დაკითხული 14 მოწმიდან, 11 მოწმე თეიმურაზ გურეშიძეს, როგორც დანაშაულის ჩამდენ პირს, არ ასახელებს. 3 მოწმე კი ირიბად მიანიშნებს მასზე. ესენი არიან მოწმეები, რომელთა სანდოობაც ძალიან დაბალია, ერთ-ერთი მოწმე კი, ორ სასამართლოში ერთი და იგივე ბრალდების საქმეზე დაკითხული, აბსულუტურად სხვადასხვა სახის ჩვენებას აძლევს. ჩვენ დავუდასტურეთ სასამართლოს, რომ იმ პერიოდში, როდესაც სასჯელაღსრულების დაწესებულებაში კორტავას ინცინდენტი მოხდა, თეიმურაზ გურეშიძე ინციდენტის ადგილას არ იმყოფებოდა“, – განაცხადა გაგი მოსიაშვილმა.
რაც შეეხება სააპელაციო სასამართლოს განაჩენს, სასამართლოს გურეშიძეს 15-წლიანი სასჯელი 9,6 წლამდე შეუმცირა, თუმცა ადვოკატები იმედოვნებენ, რომ უზენაესი სასამართლო გურეშიძეს გაამართლებს და მას გაათავისუფლებენ.
„ სასამართლომ შეუმცირა სასჯელი გურეშიძეს, თუმცა, მიუხედავად ამისა, დაცვის მხარე მიიჩნევს, რომ აღნიშნული განაჩენი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებულ სამართლებრივ სტანდარტებს არ შეესაბამება. კანონდარღვევით ჩატარდა საგამოძიებო მოქმედება – ამოცნობა, საქმეში დევს მოწმეთა მხრიდან ამოცნობის ოქმი. დაცვის მხარე სხვა გარემოებებთან ერთად ვაპელირებდით იმაზეც, რომ ეს კანონით მიუღებელი მტკიცებულებაა. ის სამი მოწმე, ვინც მასზე მიანიშნებს, თავიდან გურეშიძესთან ნაცნობობას უარყოფდა, მოგვიანებით აღიარეს და დადასტურდა, რომ სამივე მათგანი იცნობს გურეშიძეს. ეს ჩვენებები მათ პირად ინტერესებში შედის. იმედი მაქვს, სასამართლო საქმეს წარმოებაში მიიღებს და გამამართლებელი განაჩენი დადგება“,- განაცხადა მერაბ ჩიქოვანმა. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ კორტავას გარდაცვალების საქმეზე ქურდული წესების მიმდევარ კრიმინალურ ავტორიტეტებს: უშხვანს, დაშნიანს და გურეშიძეს ბრალი წარუდგინა, კერძოდ, ქურდული სამყაროს წევრობა, ცემა და ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება, რამაც გამოიწვია სიცოცხლის მოსპობა.
აღნიშნული პირების გარდა, პასუხისგებაში მიცემულნი არიან სადის N14 დაწესებულების რამდენიმე თანამშრომლი.
“როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ლევან კორტავას გარდაცვალების საქმეზე ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის 12 მაისს, დაახლოებით 20:00 საათზე, სად-ის N14 დაწესებულებაში ქურდული წესების მიმდევარმა კრიმინალურმა ავტორიტეტებმა – ლაშა კვანტალიანმა, სოლომონ დაშნიანმა, გელა უშხვანმა, თეიმურაზ გურეშიძემ, გიორგი შემაზაშვილმა, შოთა სინაურიძემ და ნუგზარ ბუჩუაძემ, „კრიმინალური ავტორიტეტისათვის“, კერძოდ შოთა სინაურიძისათვის ფიზიკური შეურაცხყოფის გამო, განსაკუთრებული სისასტიკით, ჯგუფურად სცემეს მსჯავრდებული ლევან კორტავა”, – აღნიშნულია განცხადებაში. 2013 წლის 23 მაისს, ლევან კორტავა მასზე განხორციელებული ძალადობით ქალა – ტვინის დახურული ტრავმის შედეგად გამოწვეული ტვინის შეშუპებით გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები