დავით ნარმანია: სტიქიით დაზარალებულთათვის ზარალის ასანაზღაურებლად 18 მილიონამდე ლარია საჭირო
სტიქიით დაზარალებული ფიზიკური პირებისთვის ზარალის ასანაზღაურებლად 18 მილიონამდე ლარია საჭირო.
აღნიშნული განცხადება დავით ნარმანიამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
მისივე განმარტებით, თანხების მობილიზება ამ ეტაპზე მიმდინარეობს. ყოველდღიურად თანხები, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისგან ირიცხება.
ამასთან როგორც ნარმანიამ აღნიშნა, საჯარო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული ხარჯებისთვის 10 მილიონ ლარზე მეტია საჭირო, სწორედ 10 მილიონ ლარზე მეტია მოძიებული და დამატებით დაფინანსებაზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად მუშაობენ.
„ყოველდღიურად ირიცხება თანხები, როგორც ფიზიკური, ასევე, იურიდიული პირებისგან. დაახლოებით, 18 მილიონ ლარამდეა საჭირო იმისთვის, რომ ფიზიკური პირებთან დაკავშირებით, ზიანის ანაზღაურება მოხდეს იმ წესების საფუძველზე, რომელიც თბილისის საკრებულომ დაამტკიცა.
მეორე ნაწილი კი, საჯარო ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სახსრებია, რისთვისაც 10 მილიონ ლარზე მეტი მივიღეთ და დამატებით დაფინანსებაზე ფინანსთა სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ. სამუშაოების გარკვეული ნაწილი უკვე დაწყებულია იმ დაფინანსების ფარგლებში, რომელიც ჩვენ, ასევე მიღებული გვაქვს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.