გელა დუმბაძე: ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც სამშობლოში ჩამოსვლას დააპირებს, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით

დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის გელა დუმბაძის განცხადებით, საბერძნეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში მასობრივ დაბრუნებას არ აპირებენ.

როგორც მინისტრმა მთავრობის დღევანდელი სხდომის შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, გამოითქვა საბერძნეთიდან ესპანეთსა და იტალიაში გადასვლის თაობაზე სურვილი, თუმცა ამასაც ერთეული შემთხვევის ხასიათი აქვს.

“მოგეხსენებათ, რომ გასულ კვირას საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო საბერძნეთში სიტუაციის გასარკვევად. გუშინ მე მოვიწვიე სპეციალური სხდომა, რომელზეც გადაწყდა, რომ მომავალ კვირას ჩემი პირველი მოადგილე ზაალ სარაჯიშვილი გაემგზავრება ათენსა და სალონიკში, სადაც ჩვენი დიასპორის წარმომადგენლებთან კიდევ ერთხელ გაივლის იმ პრობლემატიკას, რაც მათ წინაშეა. ჩვენ მიერ მოწვეულ იქნა ასევე საბერძნეთის საელჩოს მრჩეველი ეკონომიკურ საკითხებში, რომელთანაც ხანგრძლივი საუბარი გვქონდა”, – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს წარმომადგენლები, ლეგალები იქნებიან თუ არალეგალები, მასობრივ დაბრუნებას საქართველოში არ აპირებენ.

ერთეულმა შემთხვევებმა გამოხატეს სურვილი ესპანეთსა და იტალიაში შესაძლო გადასვლის შესახებ, თუმცა ასეთია ერთეული შემთხვევები და საქართველოს მოქალაქეების მასობრივ მოძრაობას ადგილი არ აქვს. ამის მიუხედავად, ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელიც დააპირებს სამშობლოში ჩამოსვლას, ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით შესაბამის უწყებებთან, რომ მოხდეს მათი კოორდინაცია”, – აღნიშნა გელა დუმბაძემ.

სახელმწიფო მინისტრის განმარტებით, ოფიციალურად დაფიქსირებული მონაცემებით, საკონსულო აღრიცხვაზე საბერძნეთში საქართველოს რამდენიმე ათეულ ათასი, გადაუმოწმებელი ინფორმაციით კი, დაახლოებით 200 ათასი მოქალაქე იმყოფება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები