ვახტანგ გომელაური: საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ, რომ ამ კამერების ჩანაწერები ამოეღო
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაური კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.
როგორც მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, თუ ვინმეს ეჭვი ეპარება, რომ გენერალურმა ინსპექციამ კლუბ „ვიტამინის“ მენეჯერის ლიკა კიკიანის საქმე არაობიექტურად გამოიძია, უწყება მზად არის, ეს საქმე პროკურატურას გადასცეს. „გენინსპექციამ მოკვლევა დაამთავრა. მე ვთხოვე, რომ ეს რაც შეიძლება სწრაფად გაეკეთებინათ. ეს მოკვლევა დაიდო. მე დეტალებში არ ჩავალ, მაგრამ ალბათ, საჭიროდ არ ჩათვალა გენინსპექციამ, რომ ამ კამერების ჩანაწერები ამოეღო – ან იმ ადგილას არ იყო მომხდარი ინციდენტი ან ეს კამერები ვერ ხედავდა. დეტალებს ზუსტად ვერ გეტყვით, მაგრამ ჩვენ მზად ვართ, თუ რამე კითხვებია, საქმე გამოსაძიებლად პროკურატურას გადავცეთ“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.
შეგახსენებთ,რომ სოციალურ ქსელში კლუბ „ვიტამინის“ თანამშრომლის ვიდეო გავრცელდა, რომელშიც ის აცხადებს, რომ მას პოლიციელებმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, ინციდენტის შესწავლა შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ უმოკლეს დროში დაასრულა. უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველთა მხრიდან კიკიანზე ფიზიკური ძალადობის ფაქტი არ დაფიქსირდა.