საავტომობილო გზების დეპარტამენტი მედიისთვის კონკურსს აცხადებს
თელავში, „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ კამპანიის ფარგლებში მედიისთვის ტრენინგი ჩატრადა და კონკურსი გამოცხადდა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საკონკურსო ნაშრომი საგზაო უსაფრთხოების სხვადასხვა რისკ-ფაქტორებთან დაკავშირებულ საკითხებზე მომზადდება, გამარჯვებული ჟურნალისტები კი iPad-ით დაჯილდოვდებიან.
საკონკურსო ნამუშევრების მიღების ბოლო ვადა 22 ივლისია.
„საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლების“ შესახებ ტრენინგის მიზანი, საგზაო უსაფრთხოების საკითხებისა და პრობლემების წარმოჩენაში მედიის ჩართულობის გაზრდა იყო. ტრენინგზე განიხილეს კახეთის რეგიონში არსებული საგზაო უსაფრთხოების პრობლემები, აღნიშნულ საკითხზე ჩატარებული კვლევის შედეგები, პრობლემის გამომწვევი მიზეზები და მედიის როლი პრობლემებთან მიმართებაში. ჟურნალისტებს ასევე, საშუალება ჰქონდათ, გასცნობოდნენ საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ განხორციელებულ პროექტებს.
კახეთის რეგიონში, საავტომობილო გზების დეპარტამენტის კამპანიას – „საგზაო უსაფრთხოების შესახებ ცოდნისა და ცნობიერების ამაღლება“ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, არასამთავრობო ორგანიზაცია ფონდი „პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის“ ახორციელებს. კამპანია მიზნად ისახავს საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის ცნობიერების ამაღლებას და მათ ჩართულობას საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გაუმჯობესების სფეროში.