“ნაციონალები” ახალგაზრდებს უკანონოდ პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ – “პოზიცია” სამართალდამცველებს მიმართავს
არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ პორტალ „კვირას“ პრესკლუბში იმ სქემის დეტალები გაასაჯაროვა, რომლითაც, მისი თქმით, გიორგი ვაშაძე „ნაციონალურ მოძრაობაში“ ახალგაზრდების გადაბირებას ცდილობს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გურამ ადამაშვილმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბრალი ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებაში დასდო და პროკურატურას აღნიშნული საკითხით დაინტერესებისკენ მოუწოდა.
როგორც ადამაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განმარტა, „ნაციონალური მოძრაობა“ ამჯერად პოლიტიკური მიზნების განხორციელებას, გიორგი ვაშაძის მიერ დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის, „ინოვაციებისა და განვითარების ფონდის“ პროგრამის – „სახელმწიფო 3.0“ -ის მეშვეობით ცდილობს.
„როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციამ“ გამოიკვლია, სააკაშვილისა და ვაშაძის დავალებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ჩაყვანილ მოზარდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერ ოჯახებში აბინავებენ და თითოეულ ოჯახს ერთი თვის განმავლობაში ქირის სახით 800 ლარს, ყოველგვარი ხელშეკრულების დადების გარეშე უხდიან. თან მოსახლეობას ატყუებენ, რომ თითქოს-და ამ პროექტს სახელმწიფოს პროგრამის ფარგლებში ახორციელებენ. მოზარდები დასვენებისა და გარკვეული ტრეინინგების პარალელურად ჩაბმულნი არიან ადგილობრივი მოსახლეობის დახმარების პროცესში. სინამდვილეში კი, ამ ყველაფრის უკან პოლიტიკური ინტერესებია. „ნაციონალების“ ლიდერები ახალგაზრდებს ტრენინგებზე, შეიძლება ითქვას, რომ ტვინებს ურეცხავენ და მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ განაწყობენ; მოზარდების მშობლებს იმადლიერებენ იმით, რომ მათი შვილები ბანაკებში დასასვენებლად უფასოდ დაჰყავთ, ადგილობრივ მოსახლეობას კი იმით, რომ მოზარდები მათ საზაფხულო სამუშაოების შესრულებაში ეხმარებიან. იმ ოჯახებს კი, რომელთაც ქირის სახით სოლიდურ თანხას უხდიან, ასევე მათ მომავალ მხარდამჭერებად ინარჩუნებენ“, – განაცხადა გურამ ადამაშვილმა. „პოზიცია“იმ რეგიონებსა და პიროვნებებს ასახელებს, რომელთა დახმარებითაც უახლოეს დღეებში, პროექტ „სახელმწიფო 3.0“-ის ფარგლებში ახალგაზრდების გადაბირება იგეგმება. ეს რეგიონებია, ხონი, კასპი, სამცხე-ჯავახეთი, ამბროლაური, აჭარა, ქუთაისი, მცხეთა-მთიანეთი, თერჯოლა, ტყიბული, ონი, რუსთავი და თეთრიწყარო. უფლებადამცველის თქმით, აღნიშნულ პროცესებში „ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წევრი, მათი აქტივისტები და რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობენ. „მაშ შორის არიან „ნაციონალური მოძრაობიდან“: აკაკი ბობოხიძე, ლაშა გედენიძე, ამირან ლომთათიძე, მონიკა მარღანია, თინა ბანცური, სოფიო სიუკაევა, გიორგი ფორჩხიძე, ეკატერინე ბერიაშვილი, ოთარ ბურდულაძე, თამარ დალაქიშვილი, გოჩა ყოლბაია. ასევე – არასამთავრობო ორგანიზაციის „საქართველო – დამოუკიდებლობისა და ინტეგრაციისათვის“ თავმჯდომარე რობერტ კავთიაშვილი და ამავე ორგანიზაციის წევრი თინათინ თანდიაშვილი, ქობულეთის კოლეჯის – „ახალი ტალღის“ – დირექტორი დავით მჭედლიშვილი.
„პოზიცია“ მიმართავს სამართალდამცველ ორგანოებს, გამოიკვლიონ „ნაციონალების“ მიერ ახალგაზრდების პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენების ფაქტები და, ამავე დროს, დეტალურად შეისწავლონ, თუ რა სახსრებით ახერხებს ვაშაძის არასმთავრობო ორგანიზაცია ათასობით მოზარდის საზაფხულო ბანაკებში დასვენებისთვის საჭირო ხარჯების გაღებას“,- განაცხადა გურამ ადამაშვილმა.