გარემოს დაბინძურება და პრობლემის გადაწყვეტის გზა – რაში ხედავს გამოსავალს გიგლა აგულაშვილი (ვიდეო)

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი ფიქრობს, რომ გარემოს დაბინძურების პრობლემას მხოლოდ ადმინისტრაციული ჯარიმები ვერ მოაგვარებს. მინისტრი „კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ამბობს, რომ საჭიროა შესაბამისი უწყებების, თვითმმართველობების კომპლექსური მუშაობა და სათანადო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.
„ხშირად უკმაყოფილო ადამიანების განწყობები მომართულია ჩვენკენ – გარემოს დაცვის სამინისტროსკენ. ჩვენ გვსაყვედურობენ, რომ სათანადოდ არ ვრეაგირებთ. საქმე ისაა,რომ მხოლოდ გარემოს დაცვის უფლებები და კომპეტენციები არ თამაშობს დიდ როლს დამრღვევთა წინააღმდეგ. მხოლოდ ჯარიმა ვერ უშველის ამ პრობლემას, ინფრასტრუქტურა სათანადოდ უნდა მოეწყოს, რაც შესაბამისი უწყებების კომპეტენციაა.
ერთი ჩემი ნაცნობი მწერდა, რომ 15 კილომეტრი უნდა გაიაროს იმისათვის, რომ საყოფაცხოვრებო ნაგავი სახლიდან მიიტანოს ნაგვის ურნამდე. ეს ადამიანი კანონმორჩილია და თავის თავს უფლებას არ აძლევს, რომ რომელიმე ხეობაში მალულად გადაყაროს ნარჩენი. სამწუხაროდ, ყველა ადამიანი ასე არ იქცევა.
პრობლემის გადაწყვეტა კომპლექსურად უნდა მოხდეს, სათანადო სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ პრობლემის გადაჭრა გამარტივდეს. ამის შემდეგ შესაძლებელია ვთქვათ, რომ დაჯარიმებას შედეგი ექნება, ადმინისტრაციულ ჯარიმას უნდა ჰქონდეს შემაკავებელი ხასიათი და შემაკავებელი ხასიათი მაშინ ექნება, თუ ინფრასტრუქტურა მოეწყობა“, – განუცხადა „კვირას“ გიგლა აგულაშვილმა.
გიგლა აგულაშვილმა “კვირასთან“ უწყების სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ვიდეო ინტერვიუ შეგიძიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები