გიგლა აგულაშვილი: სტიქიასთან დაკავშირებით იტალიელი გეოლოგისა და ქართველი სპეციალისტების შეფასებები იდენტურია

იტალიელი გეოლოგის კლაუდიო მარგოტინის მიერ ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიასთან დაკავშირებით გაკეთებული შეფასება და რეკომენდაციები ქართველი სპეციალისტების გაკეთებული დასკვნების იდენტურია -ამის შესახებ “კვირასთან “ ექსკლუზიურ ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, უცხოელმა სპეციალისტმა დაათვალიერებს ყველა ის ადგილი, რომელიც სტიქიური უბედურებისას დაზიანდა
“ კლაუდიო მარგოტინი კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ ჩამოიყვანა საქართველოში. იგი არის ერთ-ერთი წამყვანი სპეციალისტი თავის დარგში. მარგოტინი ჩვენს სპეციალისტებთან ერთად გაეცნო სტიქიის შედეგად შექმნილ ვითარებას.
მისი და ჩვენი სპეციალისტების შეფასებები იდენტურია. მათ შორის იმასთან დაკავშირებით, რა მოხდა და როგორ უნდა განვითარდეს მომავალში პროცესები. მათ შორის საუბარი გვქონდა სოფელ ბეთანიისა და ახალდაბისათვის სატრანსპორტო კომუნიკაციებზე. მე მინდა გითხრათ, რომ არ წყდება უცხოელი სპეციალისტების ნაკადი, ისინი ჩვენ გვთავაზობენ მომხდარის შესწავლის და დაგეგმვის პროცესში დახმარებას, უახლოეს დღეებში კვლავ ველოდებით სპეციალისტებს, კერძო ინიციატივითაც ბევრი მოგვმართავს. ჩვენ ყველასთან ვთანამშრომლობთ, არა მხოლოდ უცხოელებთან, არამედ – ქართველებთანაც, არასამთავრობო სექტორის ბევრ წარმომადგენელთანაც. ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავრთოთ პროცესში, რომ რაიმე არ გამოგვრჩეს. სპეციალისტთა ძირითადი მასის მიერ გამოთქმული შენიშვნების შეჯერებით შეიძლება სწორი დასკვნების გამოტანა“, – განუცხადა “კვირას“ გიგლა აგულაშვილმა.
გიგლა აგულაშვილის თქმით, სტიქიის შემდეგ განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ საქართველოში გეოლოგიის და მსგავსი მიმართულებების სპეციალობები საქართველოში პოპულარული არ არის.
მისი თქმით, აუცილებელია, რომ ახალგაზრდებისთვის სფერო საინტერესო და მიმზიდველი გახდეს.
“ აღნიშნული სპეციალობეები ყოფილი ხელისუფლების დროს წახალისებული არ იყო. სტიქიის შემდეგ რამდენიმე ჩვენი გეოლოგი მუშაობს საკითხზე, პრობლემა საკმაოდ მასშტაბურია. ამიტომ გაცილებით მეტი ამ სფეროს სპეციალისტი გვჭირდება ქვეყანაში. ყოფილი ხელისულფების დროს ეს სპეციალობები არ იყო წახალისებული და ეს გამოჩნდა. დღეს ვცდილობთ, რომ შესაბამისი დარგების სტუდენტებისთვის შევქნათ დამატებითი მოტივაციები, სტიქიიდან რამდენიმე დღე იყო გასული, როცა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოლოგიისა და გეოგრაფიის ფაკულტეტის სტუდენტები იმ ტერიტორიაზე ავიყვანეთ, სადაც მეწყერი ჩამოწვა, რომ ადგილზე გასცნობოდნენ ვითარებას. ეს არ არის საკმარისი და, ვფიქრობ, მდგრად მომავალზე გათვლილი პერსპექტივები შეუძლებელია ამ დარგების სათანადო დაფასების გარეშე“,-აცხადებს გიგლა აგულაშვილი.
“კვირა“ ასევე დაინტერესდა, ხედავს თუ არა მინისტრი გეოლოგიური სამსახურის შექმნის საჭიროებას.
გიგლა აგულაშვილის თქმით, ნებისმიერ შემთხვევაში ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელებისას აუცილებელია კომპეტენტური სპეციალისტების შესაბამისი დასკვნები.
აგულაშვილი აცხადებს,რომ მისი უწყება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კანონპროექტს ამზადებს ,რომელიც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე წარედგინება პარლამენტს.
“რამდენადაც ლამაზია ჩვენი ქვეყანა თავისი რელიეფით, იმდენად მეტი სირთულე გვხვდება. ამ სირთულეების პროცესში შეუძლებელია გარემოზე ზემოქმედების სათანადო შეფასების გარეშე დიდი ინფრასტრუქტრული პროექტების განხორციელება. ჩვენ ახალ კანონპროექტს ვამზადებთ. ამ ახალი კანონპროექტით, რომელსაც, სავარაუდოდ, წლის ბოლომდე წარვადგენთ პარლამენტში, შემოგვაქვს ახალი ნორმატივები, ახალი წესები და გარემოზე ზემოქმედების შეფასება უნდა გაკეთდეს. საერთაშორისო ნორმებით ამას მოითხოვს ევროპასთან ასოცირების პროცესი. ეს კანონპროექტი გულისხმობს საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას ამ პროცესში, რომელიც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია“,-განაცხადა “კვირასთან“ ინტერვიუში გიგლა აგულაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები