კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა – გენინსპექციამ საქმის შესწავლა დაასრულა

შს სამინისტრომ კუს ტბაზე მომხდარი ინციდენტზე მოკვლევა დაასრულა. უწყების ინფორმაციით, მოკვლევის დროს ლიკა კიკიანმა, რომელმაც ამ ფაქტის გამო სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა, ახსნა-განმარტებაზე უარი განაცხადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალაც აქვეყნებს და გამოხატავს სრულ მზადყოფნას სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს.

„მაღალი საჯარო ინტერესის გამო, რომელიც თბილისში, კუს ტბაზე მომხდარმა ინციდენტმა გამოიწვია, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ვიდეოს გავრცელებიდან უმოკლეს დროში მოკვლევა ჩაატარა და გადაამოწმა ყველა გარემოება, რომელზეც მოქალაქე ლიკა კიკიანი აღნიშნულ ჩანაწერში საუბრობს, ამოიღო ვიდეოჩანაწერები და გამოკითხა ფაქტთან დაკავშირებული ყველა პირი, თუმცა თავად ლიკა კიკიანმა ახსნა-განმარტების მიცემაზე უარი განაცხადა და შსს-ს გენერალურ ინსპექციაში არ გამოცხადდა.

ლიკა კიკიანი რამდენიმე ეპიზოდში ამბობს, რომ 20-მდე პოლიციელმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ასევე ასახელებს გარეშე პირს – გრიგოლ ბ-ს, რომელიც ეპიზოდში მისი დახმარების მიზნით ჩაერთო და რომელიც პოლიციელებმა სასტიკად სცემეს. ჩვენ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, ლიკა კიკიანის ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.

ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი – ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია. მან მხოლოდ კლუბის დირექტორს გადასცა ინფორმაცია ლიკა კიკიანის დაკავების შესახებ.

ჩანაწერში ლიკა კიკიანი ამბობს, რომ კუს ტბაზე დაშვებისას ოც პოლიციელს მოჰყავდა და ისინი მას ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდნენ მაშინ, როდესაც ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ იგი მხოლოდ ორ პოლიციელს მოჰყავს და ყელში წვდომის ეპიზოდიც ამ ვიდეოჩანაწერით არ დასტურდება. ლიკა კიკიანი აცხადებს, რომ სასტიკად იყო ნაცემი და შედეგად მიიღო მრავლობითი დაზიანებები, რაზეც დგინდება, რომ გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის ექიმებმა გარეგანი დათვალიერებით დაზიანებები ვერ დააფიქსირეს, თუმცა შესთავაზეს სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანაც, რაზეც ლიკა კიკიანმა უარი განაცხადა. აღნიშნული დაფიქსირებულია სასწრაფო სამედიცინო დახმარების ოქმში. ასევე გამოკითხული ქალი პოლიციელი, რომელმაც დაკავებული ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში შეამოწმა, მიუთითებს, რომ მას სხეულზე არანირი სისხლნაჟღენთი ან ტრავმა არ აღენიშნებოდა. დამატებით გვსურს პასუხი გავცეთ ვიდეოჩანაწერში გამოთქმულ ვარაუდს, თითქოს ლიკა კიკიანი პოლიციამ ორ დღეში დაიბარა იმ განზრახვით, რომ დაზიანებები გაუქრებოდა.

აღნიშნულს კიდევ ერთხელ გამორიცხავს ის, რომ ლიკა კიკიანმა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟს კლინიკაში დამატებითი შემოწმების ჩატარებაზე უარი განუცხადა.

ლიკა კიკიანი ჩანაწერში ამბობს, რომ მას მაისური „შემოახადეს“. ვიდეოჩანაწერებში, როგორც კუს ტბაზე დაკავებისას, ასევე პოლიციის განყოფილებაში, ჩანს, რომ მას მაისური აცვია და ის დაუზიანებელია.

როგორც ალკოტესტი, ასევე ახსნა-განმარტებები ადასტურებს, რომ ლიკა კიკიანი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. კლუბის ხელმძღვანელის გადმოცემით, როდესაც მან პირველად ნახა ლიკა კიკიანი პოლიციის განყოფილებაში, არავითარი დაზიანებები არ აღენიშნებოდა და იგი იყო მშვიდად. ასევე გამოიკითხა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებული ყველა პირი, რომლებიც ლიკა კიკიანის მიმართ ფიზიკურ შეურაცხყოფას კატეგორიულად უარყოფენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოხატავს სრულ მზადყოფნას აღნიშნული მასალები საქართველოს პროკურატურას გადაუგზავნოს სწრაფი და ეფექტური გამოძიებისთვის“, – ნათქვამია შს სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ სოციალურ ქსელ ფეისბუქში ახალგაზრდა გოგონამ, ლიკა კიკიანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც დეტალურად ყვება, თუ როგორ განახორციელეს პოლიციის თანამშრომლებმა მასზე ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. როგორც ლიკა კიკიანი ვიდეომიმართვაში ამბობს, სამართალდამცავები ვაკის პოლიციის თანაშრომლები არიან, კიკიანის თქმით, სამართალდამცავები, რომლებმაც მასზე იძალადეს, თეთრი ფერის მანქანით გადაადგილდებოდნენ. ცნობისათვის, ლიკა კიკიანი კლუბ “ვიტამინის” თანამშრომელია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები