სტიუარტ ჰარისონი: პირველადი მორეაგირეებისა და სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევა ნამდვილად იმსახურებს ქებას

ბრიტანული საბჭოს მოწვეულმა ექსპერტმა თბილისში 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგები შეისწავლა. ბრიტანული საბჭოს მოწვეული ექსპერტი, კრიზისების, რისკებისა და უსაფრთხოების კონსულტანტი, სტიუარტ ჰარისონი ადგილზე გაეცნო. მან სვანიძის ქუჩაზე, წყნეთის ქუჩის მიმდებარედ, მდ. ვერეს ხეობაში, „მზიურში“ და ზოოპარკში ჩატარებული გაწმენდითი და აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა და შეაფასა.
„პირველ რიგში, მსურს, თანაგრძნობა გამოვუცხადო სტიქიის დროს ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და ნათესავებს. ის, რაც მოხდა, საშინელი ტრაგედიაა და მე გულითადად ვიზიარებ გარდაცვლილთა ოჯახების მწუხარებას.
მე ვიცი, რომ თბილისში ინფრასტრუქტურის საგრძნობი ნაწილი განადგურდა, ხოლო ნაწილი – ძლიერ დაზიანდა. იმავდროულად, წყალდიდობის შედეგად ფაქტობრივად განადგურებულია ზოოპარკი და მისი ბინადრების დიდი ნაწილი, რაც ასევე დიდი დანაკარგია ქალაქისთვის.
მე ჩართული ვიყავი არაერთი მასშტაბური ინციდენტის მოგვარებაში დიდ ბრიტანეთში და, აქედან გამომდინარე, ჩემი მხრივ, შემიძლია ვთქვა, რომ პირველადი მორეაგირეებისა და სამთავრობო სტრუქტურების ძალისხმევა ნამდვილად იმსახურებს ქებას, რადგან მათ მოახერხეს წყალდიდობით გამოწვეულ უკიდურესად რთულ და კომპლექსურ პრობლემასთან საკმაოდ ეფექტურად გამკლავება. ჩემი აზრით, თქვენ ძალზე კარგად გაართვით თავი ამ რთულ ამოცანას. მე ნამდვილად გაოცებულ ვარ იმ მასშტაბის სამუშაოთი, რაც ერთ თვეზე ნაკლებ ვადაში ჩატარდა მიყენებული ზიანის აღსადგენად.
აქვე მინდა აღვნიშნო, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს კრიზისული სიტუაციების მართვის ცენტრის მშენებლობა ჯერ დასრულებული არ არის და მათ პრაქტიკულად საველე პირობებში უწევდათ მოქმედება. პირადი გამოცდილებით ვიცი, თუ რა რთულია შესაბამისი შესაძლებლობებისა და თანამედროვე ტექნიკური აღჭურვილობების პირობებშიც კი ამ სახის პრობლემებთან გამკლავება, თუმცა, ნამდვილად წარმოუდგენელია, თუ როგორ შეიძლება ასე ეფექტურად მოქმედება ამგვარი შესაძლებლობების გარეშე.
ამგვარად, ჩემი პირველადი შეფასებით შემიძლია ვთქვა, რომ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად მიმართული უდიდესი ძალისხმევა ძალზე შთამბეჭდავია“, – განაცხადა სტიუარტ ჰარისონმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები