ესპანეთში „ხარების გამორბენის“ დროს 11 ადამიანი დაშავდა (ვიდეო)
თერთმეტმა ადამიანმა სხეულის დაზიანება მიიღო ესპანეთის ქალაქ პამპლონაში „ხარების გამორბენის“ დროს. ხუთი დაშავებული საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაშავებულთა შორის არიან ამერიკელი და ბრიტანელი ტურისტები. ერთ-ერთი ამერიკელი ხარმა რქით დააზიანა, ხოლო მეორეს დაცემის შედეგად სახე დაუშავდა. ამ გარბენში 6 ხარი მონაწილეობდა.
სენ-ფერმინის ერთკვირიანი დღესასწაული პამპლონასა და ნავარას მფარველის საპატივცემულოდ 15 ივლისამდე გაგრძელდება. ამ ხნის განმავლობაში ქალაქში კონცერტები, თეატრალური წარმოდგენები და მსვლელობები გაიმართება. ამ ღონისძიებებიდან ყველაზე ცნობილი „ხარების გამორბენაა“. ამ დღეებში ქალაქში მილიონამდე ტურისტი ჩადის.