რა ღონისძიებებს გეგმავს ხელისუფლება სტიქიური უბედურებების პრევენციისთვის – გარემოს დაცვის მინისტრის კომენტარი

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი “კვირასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში ხელისუფლების მიერ უკვე გატარებულ და სამომავლოდ დაგეგმილ იმ ღონისძიებებზე საუბრობს, რომელთა მეშვეობითაც სტიქიის განმეორების შემთხვევაში სავალაო შედეგები თავიდან უნდა იქნას აცილებული.
მინსიტრი განმარტავს, რომ მოკლევადიანი პერსპექტივის ფარგლებში დამონტაჟდა ნალექმზომი და წყალმზომი, ამასთან, იგეგმება წყალგამტარი ბარიერების აშენებაც. გიგლა აგულაშვილის თქმით, ეფექტური ქმედებების განხორციელებას შესაბამისი ტექნიკის, აპარატურის არარსებობა ართულებს.
მისი თქმით, ვერეს ხეობაში და ასევე საქართველოს ტერიტორიაზე უნდა იყოს ინსტალირებული ის თანამედროვე სისტემები, რომელთა მეშვეობითაც მოსალოდნელი ზარალის შემცირება და სავალალო შედეგებისგან თავის არიდება უფრო მარტივი იქნება. საუბარია წყლის დონის და ნალექების მზომ ხელსაწყოებზე. ეს ხელსაწყოები ყველა სახის ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან, თუმცა მინიმუმ მეტი ინფორმაცია გვექნება მოსალოდნელ საფრთხეებზე.
თბილისის მასშტაბით ჩვენ ერთი ავტომატური სადგური გვაქვს, რომელიც განსაზღვრავს ნალექების რაოდენობას, არ გვაქვს საჭირო რესურსი იმისათვის, რომ იგივე თბილისის გარშემო ტერიტორია შესაბამისი აპარატურით აღვჭურვოთ. ჩვენ ძალიან ხშირად ვართ დამოკიდებული დონორების დახმარებაზე, მაგალითად, წლის ბოლომდე 4 ავტომატური სადგური გვექნება და ეს იაპონელების დახმარებით მოხდება. ხელისუფლებამ, პარლამენტმა და ხალხმა უნდა მივიღოთ ძალიან სწორი გადაწყვეტილება, პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რა გვირჩევნია დღეს, დავხარჯოთ გარკვეული ოდენობის თანხა ამ საფრთხეების პროფილაქტიკისათვის თუ შემდეგ ვებრძოლოთ შედეგებს და ორმაგი დანახარჯი გავიღოთ? რა თქმა უნდა, პირველი ვერსია. ჩვენი სამინისტრო აპირებს და ინტენსიურად ვმუშაობთ პროგრამულ ბიუჯეტზე, რომ კონკრეტული პროგრამებით მივიდეთ პარლამენტში, მოვითხოვოთ გაცილებით მეტი დაფინანსება, ვიდრე დღეს ჩვენ გვქონდა. ამით ჩვენ მეტ პასუხისმგებლობას ავიღებთ, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა გაცილებით უსაფრთხო გარემოში იცხოვრონ“, – განუცხადა “კვირას“ გიგლა აგულაშვილმა.
გიგლა აგულაშვილი დედაქალაქში არსებულ მეწყერსაშიშ ზონებზეც საუბრობს და აცხადებს, რომ მსგავსი სახის ზონები მრავლადაა. დედაქალაქში 60-მდე მეწყერული უბანია.
“თავისი გენეზისით ეს არის ე.წ. კლდეზვაური ტიპის მეწყერული ზონები, შეუიარაღებელი თვალითაც კი შესაძლებელია ამისი შემჩნევა, რომ იქ ეს პროცესები დაწყებულია. რა გახდება მაპროვოცირებელი, რომ ქანი ჩამოწვეს, ამისი პროგნოზირება არავის არ შეუძლია, მათ შორის სპეციალურ მოწყობილობასაც, ჩვენ მოწყობილობით შესაძლოა, შევიტყოთ მხოლოდ ის, რომ ფაქტი მოხდა“, – აღნიშნავს აგულაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები