დავით საყვარელიძის მიერ დაკავებული პროკურატურის მაღალჩინოსნები სასამართლომ გაათავისუფლა
კიევის პეჩერის რაიონის სასამართლომ უკრაინის გენერალური პროკურატურის მაღალჩინოსნები – ვლადიმერ შაპაკინი და ალექსანდრე კორნიეცი 3 მილიონი გრივნის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.
შეგახსენებთ, რომ შაპაკინი და კორნიეცი 5 ივლისს ჩატარებული ოპერაციის შედეგად დააკავეს. სპეცოპერაციას უკრაინის გენარალური პროკურორის მოადგილე დავით საყვარელიძე ხელმძღვანელობდა. ჩხრეკის დროს შაპაკინს და კორნიეცს დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასეულობა აღმოუჩინეს.
სააგენტო „უნიანის“ ინფრომაციით, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას დავით საყვარელიძე უკვე გამოეხმაურა.
„სასამართლომ სრულიად დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მიიღო და 3 მილიონის გირაოს სანაცვლოდ ეს პირები გაათავისუფლა, ვფიქრობ, გირაოს ოდენობა არ არის ამ ადამიანების თანამდებობების შესაბამისი. პრინციპი – „მოიპარე მილიონი, გადაიხადე მეათედი და წყნარად დაიძინე“, – უნდა გაუქმდეს, ის სახელმწიფოსთვის დამანგრეველია“, – დაწერა საყვარელიძემ ფეისბუქის გვერდზე. ამასთანავე, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ პროცესი მკვდარი წერტილიდან დაიძრა და ის ნახევარ გზაზე გაჩერებას არ აპირებს, ხოლო „ყველა კორუფციონერი სათანადო სასჯელს მიიღებს“.
საყვარელიძეს მხარი დაუჭირა უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრმა. როგორც არსენი ავაკოვმა ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, ის გაოცებულია სასამართლოს ამ გადაწყვეტილებით და მას „მართლმსაჯულებაზე დაცინვა“ უწოდა.