ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით საკრებულოში მემორანდუმი გაფორმდა
თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიას და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
მემორანდუმს ხელი, საკრებულოს ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომისიის თავმჯდომარემ – გულიკო ზუმბაძემ და საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ – ირაკლი პეტრიაშვილმა მოაწერეს.
ხელმოწერის საზეიმო ცერემონიალს საკრებულოს თავმჯდომარე – გიორგი ალიბეგაშვილი, კომისიის სამდივნოს თანამშრომლები, სხვადასხვა სფეროს პროფესიული კავშირების თავმჯდომარეები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.
„საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა ჩვენს პრიორიტეტს წარმოადგენს. საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება აქტიურად მუშაობს ადამიანის შრომითი უფლებების დაცვის მიმართულებით. ჩვენს შორის გამოიკვეთა საერთო მიზნები, ამოცანები და ხედვები. დარწმუნებული ვარ, მემორანდუმზე ხელმოწერით დაფიქსირებული თანამშრომლობა, ხელს შეუწყობს საერთო საკითხების ეფექტიანად გადაჭრას“, – განაცხადა გულიკო ზუმბაძემ ხელმოწერის ცერემონიალის შემდეგ.
დოკუმენტის თანახმად, მხარეები იღებენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ შრომითი ურთიერთობების სფეროში, ადამიანის უფლებების დაცვას, შრომითი კანონმდებლობით განსაზღვრული ეროვნული და საერთაშორისო ნორმების შესრულებას და სოციალური დიალოგის კულტურის დამკვიდრებას.