„ქალაქში ძალიან ბევრი გაუმართავი მანქანა მოძრაობს, აუცილებელია ტექდათვალიერება შემოვიღოთ“
საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენელმა გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ „კვირას“ პრესკლუბში მარჯვენასაჭიანი მანქანების შეზღუდვის შესახებ ისაუბრა. როგორც საკრებულოს დეპუტატმა განმარტა, საკრებულოში აღნიშნულ საკითხზე ჯერ მსჯელობა არ გამართულა, თუმცა, მისი მოსაზრებით, მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოდინება ქვეყანაში უნდა შეიზღუდოს.
„მგონია, რომ რაღაცნაირად ალბათ უნდა შეიზღუდოს მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოსვლა, შეიძლება ქალაქში იმდენ პრობლემას არ ქმნის, მაგრამ ტრასებზე საკმაოდ პრობლემატურია. ვიმსჯელოთ და ვნახოთ, როგორც გადაწყდება. დღეისთვის ამ თემაზე ლაპარაკი ცოტა უხერხულია. დროთა განმავლობაში უნდა შეიზღუდოს, მაგრამ ალბათ ეს უკვე მოქმედ მარჯვენასაჭიან მანქანებს არ უნდა შეეხოს. გამორიცხულია მათი საჭეების მარცხნივ გადატანაც, რადგან ეს იმდენად ძვირი ღირს, ხანდახან თავად იმ მანქანის ფასი ჯდება და ჯობია, ახალი იყიდო. ამისგან განსაკუთრებული პრობლემა არ უნდა შევქმნათ, სხვა უფრო მნიშვნელოვანი საკითხები გვაქვს გადასაწყვეტი. უფრო მთავარი და საჭიროა ის, რომ მანქანების ტექდათვალიერება შემოვიღოთ. ქალაქში ძალიან ბევრი გაუმართავი მანქანა მოძრაობს, შესამოწმებელია ასევე საწვავის ხარისხიც“, – განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.