„სტიქიით დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო“

„სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო, ყველა მოსახლე, ვინც სტიქიისგან დაზარალდა, სრულად დაკმაყოფილდება“,- აღნიშნული განცხადება თბილისის საკრებულოს ურბანული დაგეგმარებისა და საქალაქო მეურნეობის კომისიის თავმჯდომარემ გოჩა ბაბუნაშვილმა პორტალ “კვირას“ პრესკლუბში გააკეთა.
ბაბუნაშვილის განმარტებით, ყველა მოსახლის საკითხის შესწავლა ინდივიდუალურად ხდება. დაზარალებულები ორ კატეგორიად არიან დაყოფილნი, ისინი, ვისი სახლი და ქონებაც სრულად განადგურდა და ისინი, ვისი სახლიც აღდგენას ექვემდებარება. გარდა ფართის ან საცხოვრებელი ფართის თანხით უზრუნველყოფისა, საკრებულოს წარმომადგენლის თქმით, მოსახლეობას სახელმწიფო საყოფაცხოვრებო ნივთებისა და ავეჯის შეძენაშიც დაეხმარება და ამისთვის სპეციალურად სულადობის მიხედვით მათ თანხებს გამოუყოფს.
„ დაზარალებული მოსახლეობისთვის კომპენსაციების გაცემის პროცესი დაიწყო. ეს საკითხი როგორც სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში, ისე გამგეობასა და ქონების მართვის სააგენტოში ინდივიდუალურად იხილება. უკვე შედგა რამდენიმე შეთანხმება, დაზარალებულები კმაყოფილები არიან, პროცესი კი გრძელდება. არის რამდენიმე ვარიანტი, მოქალაქეს შეუძლია აირჩიოს და მიიღოს კომპენსაცია სულადობით ან ფართის საბაზრო ღირებულების მიხედვით. 35 ოჯახია, რომელსაც ფაქტობრივად დაენგრა სახლი, მათ ქონებას საბაზრო ღირებულებით სამხარაულის ბიურო შეაფასებს. ამავე დროს, კომპენსაციას სულადობის მიხედვით გავცემთ ავეჯისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად. ეს არის სულადობის მიხედვით 8 – 10,500 ლარამდე, ამით მათ შეუძლიათ პირველადი მოხმარების საგნები, ასევე ავეჯი, მაცივარი, ტელევიზორი იყიდონ. რაც შეეხებათ მეორე კატეგორიის დაზარალებულებს, რომელთა სახლებიც აღდეგენას ექვემდებარება, გვაქვს ორი ვარიანტი: თუ აღდგენის პროცესში სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ გამოვლინდა, რომ 50%-ზე მეტი თანხაა ჩასადები, ამ შემთხვევაში ჩვენ ვთავაზობთ მათ, რომ გამოვისყიდით ქონებას და საბაზრო ფასით გადავუხდით თანხას, რითაც ის კილომეტრის ან კილომეტრნახევრის არეალში ახალ ბინას შეიძენს. პლუს – პირველი კატეგორიის მსგავსად კომპენსაცია საყოფაცხოვრებო ნივთებისთვის მათაც გადაეცემათ. თანხები სპეციალურ ანგარიშზე უკვე აკუმულირებულია, დონორებიდან თანხების შემოდინება გრძელდება. ასე რომ, თანხების პრობლემა არ გვექნება, ყველა მოსახლე, ვინც სტიქიისგან დაზარალდა, სრულად დაკმაყოფილდება“,- განაცხადა გოჩა ბაბუნაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები