საგამოძიებო სამსახურმა საცხოვრებელი კორპუსების რეაბილიტაციის დროს სახელმწიფოს თანხების მითვისების ფაქტი გამოავლინა (ვიდეო)
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი, დიდი ოდენობით თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტზე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა ი.მ. ზურაბ კახიძე და შპს „პილარ დეველოპმენტის“ დირექტორი, რომან გაბისიანი.
“გამოძიებამ დაადგინა, რომ 2013 წლის პერიოდში, საბურთალოს, ვაკის და ჩუღურეთის გამგეობის დაფინანსებით განხორციელდა საცხოვრებელი კორპუსების აღდგენა-გამაგრებითი სამუშაოები. კორპუსების რეკონსტრუქციის პროცესში ბრალდებულებმა შესრულებული სამუშაოების აქტებში შეიტანეს ყალბი მონაცემები, რითაც ხელოვნურად გაზარდეს სამუშაოთა მოცულობა და მოტყუებით დაეუფლნენ სახელმწიფოს კუთვნილ, 113 000 ლარს.
საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით“,-აცხადებენ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში.