ამირან გამყრელიძე: „აგვისტოს ბოლოსთვის C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში 5 000 ადამიანი იქნება ჩართული“
გასულ კვირას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრმა, საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა, სახელწოდებით – „C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში: სამომავლო განვითარების გზები”. საქართველოს მთავრობის კონტრაქტორი საერთაშორის საკუნსალტაციო ჯგუფ „გლობალ ალიანსის“ ეგიდით გამართულ კონფერენციას დაესწრნენ ჯანდაცვის მინისტრი, აშშ–ს დაავადებათა კონტროლის ცენტრის წარმომადგენელი საქართველოში და მოწვეული სტუმრები საფარნგეთიდან. ფრანგმა სპეციალისტებმა ქართველ კოლეგებს ფრანგული გამოცდილება გაუზიარეს. უფრო დეტალურად, იმის თაობაზე, თუ რა თემები იქნა განხილული კონფერენციაზე და რა ეტაპზეა დღეს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა, გვესაუბრა ჯენმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე.
გამყრელიძის განცხადებით, კონფერენცია ძალიან მნიშვნელოვანი იყო სამომავლოდ C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის წარმატებით გაგრძელებისთვის.
„მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო, მოგეხსენებათ ის ჩატარდა ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და საკონსულტაციო კომპანია „გლობალ ალიანსის“ ერთობლივი ორგანიზებით. „გლობალ ალიანსი“ ჯანდაცვის სამინისტროსთან უკვე რამდენიმე თვეა მუშაობს და ეხმარება საქართველოს ჯანდაცვის სისტემის რეფორმირების საკითხში სხვადასხვა მიმართულებით. რაც შეეხება უშუალოდ ამ კონფერენციას, მას საკმაოდ დიდი საინფორმაციო მნიშვნელობა ჰქონდა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში, რომელიც აპრილის თვიდან მიმდინარეობს საქართველოში. ეს გახლავთ მსოფლიო მასშტაბის საინტერესო და სამოდელო პროექტი, რომელიც გულისხმობს პირველ ეტაპზე ამ ქრონიკული დაავადების აღმოფხვრას. საქართველო ამ მხრივ განიხილება, როგორც ერთ–ერთი მოწინავე და საინტერესო ქვეყანა. აღსანიშნავია რომ „გლობალ ალიანსმა“ მოიწვია ორი ძალიან გამოცდილი ექსპერტი ამ სფეროში, ერთი კლინიკურ დარგში, მეორე კი ეპიდემიოლოგიურ და ხარჯეფექტურობის დარგში. ორივე მათგანი გახლავთ პარიზის ერთ–ერთი წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი და მათ ჩვენს სპეციალისტებს, რომლებიც მუშაობენ C ჰეპატიტის დარგში, გაუზიარეს ფრანგული გამოცდილება. ამავე დროს გაიმართა ძალიან საინტერესო მრგვალი მაგიდა, რომელზეც განხილული იქნა ყველა ის მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც არსებობს C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამაში.
ძალიან საინტერესო იყო მინისტრის შესავალი სიტყვა, სადაც მან მოკლედ მიმოიხილა ქვეყანაში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მიღწეული წარმატებები და ის გამოწვევეები რომელთა წინაშეც ვდგავართ. მათ შორის, ხაზი გაუსვა პირველადი ჯანდაცვის განვითარების მნიშვნელობას ქვეყანაში და აღნიშნა, რომ შემდეგი პერიოდისთვის სწორედ ამ დარგს დაეთმობა მეტი ყურადღება. პირველადი ჯანდაცვა გახლავთ ჯანდაცვის სისტემის „ხერხემალი“ და ამ თვალსაზრისითაც „გლობალ ალიანსის“ გამოცდილება ვფიქრობ, ძალიან დაგვეხმარება.
ისევ კონფერენციის ძირითად თემას რომ დავუბრუნდეთ, ძალიან საინტერესო იყო „გლობალ ალიანსის“ ხელმძღვანელის, დოქტორ მალკინის გამოსვლა სადაც მან საზოგადოებას გააცნო თუ რა საკითხებზე მუშაობს ეს საკონსულტაციო ჯგუფი და რა მიმართულებებით ეხმარება ქვეყანას. ჩვენი ცენტრიდან იყო მოკლე ინფორმაცია, მოგეხსენებათ, რომ C ჰეპატიტთან დაკავშირებით ქვეყანაში მიმდინარეობს სკამოდ ფართომაშტაბიანი პოპულაციური კვლევა, რომელიც აგვისტოს შუა რიცხვებისთვის უნდა დამთავრდეს, რის შემდეგაც გვეცოდინება მეტნაკლებად ზუსტი ციფრები ქვეყანაში ჰეპატიტების გავრცელებასთან დაკავშირებით, ეს კვლევა საშუალებას მოგვცემს ელიმინაციის პროგრამა ზუსტად დავგეგმოთ, კარგად განვსაზღვროთ, თუ რაზე გავაკეთოთ მეტი კორდინაცია და რა ღონისძიებები გავატაროთ.
ინფორმაცია გაჟღერდა ელიმინაციის პროგრამის პირველი ფაზის შესახებაც, რომ უკვე 5 000 პაციენტია რეგისტრირებული სერვისის მიმწოდებელ ცენტრებში, აქედან 1 700 ადამიანი უკვე იღებს წამალს და იტარებს მკურნალობას. აგვისტოს ბოლოსთვის რეგისტრირებული 5 000 ადამიანი სამკურნალო პროცესში უკვე ჩართული იქნება.
ეს პრეპარატები ქვეყანამ კომპანია „გილეადისგან“ მიიღო უსასყიდლოდ, როგორც ავღნიშნე ამ პრეპარატს უკვე 1 700 ადამიანი იღებს და მათი რიცხვი ცხადია გაიზრდება. მკურნალობის სრული კურსი 3–6 თვიანია ამიტომ სრული პირველი შედეგები აგვისტოს ბოლოს იქნება. კონფერენციის მთელი მეორე ნახევარი მიეძღვნა დისკუსიას და ვფიქრობ, საკმაოდ წარმატებული ღომისძიება იყო. იქვე დაიგეგმა „გლობალ ალიანსთან“ მუშაობის ჩვენი შემდგომი ნაბიჯებიც. მიმაჩნია, რომ თანამშრომლობის ასეთი ფორმატი კარგად აისახება ჩვენი ჯანდაცვის სიტემაზე”, – განაცხადა გამყრელიძემ.