სოფელ ცხემლისხიდში საქართველოს სახალხო არტისტის, გიორგი სალუქვაძის სახელობის სახლ-მუზეუმი გაიხსნა
საზეიმო გახსნას ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ ჭანუყვაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, დაესწრო.
საქართველოს სახალხო არტისტის, მოცეკვავის და ქორეოგრაფის სახლ-მუზეუმის გახსნას საპატიო სტუმრები, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწეები: ფრიდონ სულაბერიძე, ჯემალ ჭკუასელი და ანზორ ერქომაიშვილიც დაესწრნენ. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს გიორგი სალუქვაძის ხსოვნას და მისი საფლავი გვირგვინით შეამკეს.
გიორგი სალუქვაძე 1913 წლის 27 ივნისს დაიბადა. მისი დამსახურებით მრავალი მივიწყებული ქართული ცეკვის – შიპრობა, ფუნდრუკი, ფარცაკუკუ, იდუმალა და სხვა აღდგენა მოხდა. სალუქვაძე საქართველოს სამუსიკო და ქორეოგრაფიული საზოგადოების გამგეობის თავმჯდომარე იყო. მისი ინიციატივით შეიქმნა გურული სიმღერების აღმდგენი და შემსწავლელი ოთხწლიანი სალოტბარო სკოლა. 1973 წლიდან სალუქვაძე ხელმძღვანელობდა მახარაძის რაიონის სიმღერისა და ცეკვის ეთნოგრაფიულ ანსამბლს – “იადონს.”