ომბუდსმენი “ქეი-ეფ-სი“-ს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულებისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს
საქართველოს სახალხო დამცველი შეშფოთებას გამოთქვამს სწრაფი კვების დაწესებულების „ქეი ეფ სი“ სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ქართულ გვერდზე გამოქვეყნებული სარეკლამო ხასიათის ფოტოს გამო, რომელიც შეიცავს სტიგმასა და შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებას ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების მიმართ.
როგორც სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის, მათ შორის, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირები მარგინალიზებულ ჯგუფს მიეკუთვნებიან. მათ მიმართ სტიგმისა და სტერეოტიპების შემცველი დამოკიდებულება საზოგადოებაში მყარად არის გამჯდარი, რის გამოც ასეთი პირები ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის მსხვერპლნი ადამიანის ძირითადი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის დროს. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სარეკლამო ხასიათის პროდუქტები არ იწვევდეს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გაძლიერებას, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირების ღირსების შელახვას და მათი იზოლაციის ხელშეწყობას. საქართველოს სახალხო დამცველი მოუწოდებს ზემოაღნიშნულ კომპანიას, უზრუნველყოს აღნიშნული სარეკლამო ხასიათის ფოტოს გამოყენების შეჩერება. ამასთან ყველა კერძო თუ საჯარო დაწესებულებამ საქართველოში, თავი შეიკავოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ სტიგმისა და დისკრიმინაციის შემცველი დამოკიდებულების გამომხატველი პროდუქტის ტირაჟირებისგან. უფრო მეტიც, გამოიჩინონ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ადამიანის უფლებებითა და სერვისებით სხვების თანაბრად სარგებლობას და იზრუნონ გარემოსა და მომსახურების პირობების გონივრულად მისადაგებაზე. საქართველოში ამერიკული რესტორნების ქსელმა KFC-ის facebook-ის ქართულ გვერდზე 23 ივნისს სარეკლამო ხასიათის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ასახულია თეთრ მაისურში ჩაცმული, ფსიქიკური შეზღუდვის მქონე პირი, რომელიც დახურულ სივრცეში კუთხეში ზის და ამბობს: „ზინგერი ვარ, ზინგერი“ მის გვერდზე მდგომი ექიმი კი ამშვიდებს და პასუხობს“ არა, გოგი ხარ“. ფოტოზე დატანილი სარეკლამო ხასიათის ფრაზა კი ასე ჟღერს: KFC-ზე ყველა გიჟდება!