სუპერთასის ბილეთების გაყიდვა 24-საათიან რეჟიმში განხორციელდება
„ბარსელონა“-„სევილიას“ მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვისას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროები 24-საათიან რეჟიმში იმუშავებენ“,- ამის შესახებ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ზვიად სიჭინავამ განაცხადა და დასძინა, რომ ბილეთების ფასი არ შეიცვლება. ბილეთების ფასი კატეგორიების მიხედვით 18,35 და 75 ლარია.
სიჭინავას თქმითვე, ერთ მომხმარებელს მაქსიმუმ ოთხი ბილეთის შეძენა შეუძლია. რაც შეეხება სალაროებს, სიჭინავას აღნიშვნით, სალაროები სრულად ხუთშაბათს აღიჭურვება – განთავსდება სარეკლამო ბანერები, დაიდგმება 12 პრინტერი, 12 კომპიუტერი და იქნება 12 მოლარე. გარდა ამისა, გულშემატკივრებისა და ჟურნალისტების შემადგენლობით შეიქმნება სპეციალური კომისია, რომელიც სალაროებში გადატანამდე ჩაიბარებს ბილეთების რაოდენობას.
“სანამ ბილეთებს არ გადავიტანთ სალაროებში, ბილეთებთან კომისიის წევრები იქნებიან. ასევე ვამონტაჟებთ კამერებს, რათა შემდგომში არ იყოს საუბრები, რომ ვინმეს ბიძაშვილთან ან მამიდაშვილთან მიაქვს ბილეთები”, – განაცხადა სიჭინავამ.
შეგახსენებთ, რომ ბარსელონა- სევილიას სუპერთასის მატჩზე დასასწრები ბილეთები კვირას, 12 ივლისს დილის 09:00 საათიდან გაყიდება. ბილეთების შეძენა მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის სალაროებში იქნება შესაძლებელი. უეფას სუპერთასის ბილეთები „ბილეთები.გე“-ს უნდა გაიეყიდა, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო, დაკისრებულ მოვალეობას თავი ვერ გაართვა. აღნიშნულის შემდეგ, უეფას გადაწყვეტილებით, დაბეჭდილი ბილეთები სალაროებში გაიყიდება.