გიუმრის სამხედო ბაზაზე განგაში გამოცხადდა
სომხეთის ქალაქ გიუმრიში დისლოცირებულ რუსეთის სამხედრო ბაზაზე დღეს სამხედრო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმება გამოცხადდა. შემოწმების შედეგად სამხრეთ სამხედრო ოლქის კომისია შეამოწმებს საავიაციო ძალების და გიუმრის გარნიზონის მზადყოფნას. ასევე შემოწმდება, თუ რა დრო დასჭირდება ამ ძალების მისვლას მაღალმთიან პოლიგონებზე, კახუდის და ალაგიაზის მიდამოებში. წვრთნებზე დაკვირვება უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით განხორციელდება.
საბრძოლო მზადყოფნის მოულოდნელი შემოწმების მიზეზი უცნობია. საგულისხმოა, რომ გიუმრის სამხედრო ბაზაზე ბოლო დროს რამდენიმე სერიოზული ინციდენტი მოხდა. მიმდინარე წლის 12 იანვარს სამხედრო მოსამსახურე ვალერი პერმიაკოვმა ადგილობრივი ოჯახის წევრები დახვრიტა. 8 მარტს გიუმრიში ჩამომხრჩვალი სამხედრო მოსამსახურე არტურ აფიანი იპოვეს. ის სომხეთის მოქალაქე იყო და გიუმრის სახმედრო ბაზაზე მსახურობდა. 15 ივნისს კი გიუმრიში მემორიალურ კომპლექსთან ჯარისკაც ანდრეი ნოვიკოვის ცხედარი აღმოაჩინეს. მის სხეულზე ცეცხლსასროლი და ცივი იარაღით მიყენებული ჭრილობები აღმოაჩინეს.