აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება დაიწყო
აბიტურიენტთა ნაშრომების გასწორება დაიწყო. საგამოცდო პროცესის პარალელურად, კომისია ქართული ენისა და ლიტერატურის შედეგებს აფასებს.
პროცესში 250-მდე გამსწორებელია ჩართული.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მაია მიმინოშვილის განცხადებით, თითოეულ დავალებაზე ორი გამსწორებელი მუშაობს, იმ შემთხვევაში, თუ მათი შეფასებები ერთმანეთს არ დაემთხვევა, ნაშრომი მესამე სპეციალისტს გადაეგზავნება.
მიღებულ ქულებს აბიტურიენტები გასწორების დამთავრებისთანავე შეიტყობენ. „ერთი კონკრეტული გამსწორებელი მხოლოდ და მხოლოდ ერთი ტიპის დავალებას იღებს და მას არა აქვს შესაძლებლობა, მთლიანად ტესტი იხილოს. ამავდროულად, კონკრეტული აბიტურიენტის ეს კონკრეტული დავალება მიდის მეორე გამსწორებელთან, პარალელურად სწორდება და მათ, რა თქმა უნდა, არ იციან, ვინ ასწორებს ამ დავალებას. თუ აცდენა იქნება შეფასებებს შორის, მესამე გამსწორებელი ერთვება. ძალიან დიდი იმედი მაქვს, აგვისტოს დასაწყისში ჩვენ უკვე გვექნება შესაძლებლობა, რომ თუნდაც ქართული ენისა და ლიტერატურის პირველადი შედეგები ვაცნობოთ აბიტურიენტებს“,- განაცხადა მიმინოშვილმა.