მონადირეებმა, ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგების ტერიტორიამდე, მტაცებელი ცხოველების ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს

მონადირეებმა თბილისში, ეთნოგრაფიული მუზეუმიდან ბაგების ტერიტორიამდე, სადაც სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს, მტაცებელი ცხოველების ლეში დაყარეს და ვიდეოხაფანგები დაამონტაჟეს.
ამასთან, სამუშაოები მას შემდეგ დაიწყო, რაც ინტერნეტში გავრცელდა სამი სხვადასხვა ადამიანის მიერ გადაღებული ფოტოები, სადაც მტაცებელი ცხოველია დაფიქსირებული. ამ ფოტოების ავთენტურობას მონადირეები ადასტურებენ. როგორც მონადირე გიორგი მეტრეველი “რუსთავი 2”-თან საუბრისას აცხადებს, მონადირეებს სამმა პირმა მიაწოდა ფოტომასალა და სამივე ფოტო იყო იდენტური.
“ეს სამი ადამიანი ერთმანეთს საერთოდ არ იცნობდა. ასევე, დაახლოებით 15-მდე თვითმხილველი ჰყავს ამ ფაქტს. შესაბამისად, ჩვენ, როგორც მონადირეები, და არა ექსპერტები, ვადასტურებთ, რომ ნამდვილად კატისებრთა დიდი წარმომადგენელი იყო და ვიწყებთ მოქმედებებს. გუშინ ღამე დაიყარა ლეში, დაყენდა ვიდეოხაფანგები და, შესაბამისად, გვექნება მონაცემები დაახლოებით სად იმყოფება ვეფხვი”, – განაცხადა მონადირემ.
როგორც ფოტოგრაფი ირაკლი გედენიძე ამტკციებს, დიდი ალბათობით, ორ ფოტოზე გამოსახული ცხოველი გრაფიკული რედაქტორით არის ჩამონტაჟებული. “ამის თქმის საფუძველს იძლევა ის, რომ ცხოველის უკანა, მარცხენა ფეხზე, ბუჩქი უხეშად არის კლონირებული, არ არის დაცული ცხოველის პროპორციები და არ ემთხვევა განათების მიმართულება, ასევე, ხარისხი გაფუჭებულია, თითქოს ეს იყოს ვიდეოკადრიდან ამოჭრილი, დაბალი ხარისხის ფოტო. რომ არსებობდეს სხვა დუბლი კადრები, უკვე დარწმუნებით შეიძლება იმის თქმა, არის თუ არა ეს მონტაჟი”, – განაცხადა ირაკლი გედენიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები