სოხუმის უნივერსიტეტი: დედაქალაქს ბუნებამ დიდი გამოცდა მოუწყო

დედაქალაქში მომხდარ სტიქიას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეხმაურება. სასწავლო დაწესებულებამ განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია:
„2015 წლის 13-14 ივნისის ღამეს მრავალ ჭირვარამგამოვლილ საქართველოს დედაქალაქს ბუნებამ დიდი გამოცდა მოუწყო – მეწყრის შედეგად მოვარდნილმა წყალმა დატბორა და წალეკა ვერეს ხეობა. სტიქიამ შეიწირა ადამიანები; უსახლკაროდ დარჩა ათეულობით ოჯახი; თითქმის მთლიანად განადგურდა ქალაქის ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა – ზოოპარკი, რომლის არაერთი ბინადარი დაიღუპა; მნიშვნელოვნადაა დაზიანებული გმირთა მოედანი, ვაკე-საბურთალოს შემაერთებელი ახალი გზა; დიდია მატერიალური ზარალი…
სოხუმის დევნილი უნივერსიტეტი, რომლისთვის უცხო არაა ახლობელი ადამიანების დაკარგვითა და უსახლკაროდ დარჩენით გამოწვეული ტკივილი, გულით თანაუგრძნობს უმძიმეს მდგომარეობაში აღმოჩენილ თანამემამულეებს, მთლიანად ქალაქს, სრულიად საქართველოს. გვეამაყება, რომ ამ ტრაგიკულ დღეებში სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტობა ფეხზე დადგა და თავიანთ თანატოლებთან ერთად იმთავითვე აქტიურად ჩაება ქალაქის დაზიანებული უბნების აღდგენით სამუშაოებში“, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები