„ვეტერანთა ჰოსპიტალი იშლება“- უფლებადამცველები ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ
უფლებადამცველები სახელმწიფოს ვეტერანთა უფლებების დაცვას სთხოვენ და ვეტერანთა სამსახურის ხელმძღვანელთან – ირაკლი შიხიაშვილთან შეხვედრას ითხოვენ.
როგორც პორტალ „კვირას“ პრესკლუბში „ახალგაზრდა უფლებადამცველთა“ გაერთიანების და „საზოგადოებრივი გაერთიანება სამართლიანობისათვის“ წარმომადგენლებმა განაცხადეს, ვეტერანებისთვის სახელმწიფოს მხრიდან გამოყოფილი შეღავათები ძალიან მინიმალურია და აუცილებელია მათი დახმარების სოციალური პაკეტი გაიზარდოს.
„ მართალია, ვეტერანები სოციალური პაკეტებით სარგებლობენ, თუმცა ეს საკმარისი არ არის და სახელმწიფოს მხრიდან მეტი უნდა გაკეთდეს. ისინი ტრანსპორტში ნახევარ ფასად გადაადგილდებიან და ყოველთვიურად ერიცხებათ 22 ლარი, ასევე აქვთ გაუმჯობესებული სადაზღვევო პაკეტი. თუმცა ეს ძალიან მცირეა. ჩვენ მოვითხოვთ, შევხვდეთ ირაკლი შიხიაშვილს და მოვისმინოთ მისი ხედვა ვეტერანთა უფლებების დაცვის კუთხით. ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვეტერანთა ჰოსპიტალი, რომელიც სამხარაულის დასკვნის საფუძველზე უკვე იშლება. როგორც ვიცით, ირაკლი შიხიაშვილს სურს, გაიხსნას საქართველოში ულტრათანამედროვე ჰოსპიტალი, რომელიც სარეაბილიტაციო ცენტრი იქნება. ჩვენ უნდა შევხვდეთ მას და პირადად მოვისმინოთ, რა გეგმები აქვს“,- განაცხადა ადვოკატმა, „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ალექსანდრე კობაიძემ.
როგორც უფლებადამცველმა ნიკა მემანიშვილმა განმარტა, შიხიაშვილის უწყებას 7-მილიონიანი დაფინანსება აქვს, თუმცა არასამთავრობო სექტორისთვის უცნობია სახელმწიფოსგან ვეტერანებისთვის გამოყოფილი თანხები რა პროექტებში იხარჯება.
„უნდა ვიცოდეთ, რაში იხარჯება ირაკლი შიხიაშვილის უწყებისთვის გამოყოფილი 7 მილიონი ლარი და რა პროექტები ხორციელდება. დღეს ვეტერანების სიცოცხლე არ არის დაცული იმ პირობებში, რომელიც ჰოსპიტალშია. აუცილებელია მათთვის დახმარება გაძლიერდეს“,- განაცხადა „ახალგაზრდა უფლებადამცველთა ასოციაციის“ წარმომადგენელმა ნიკა მემანიშვილმა.
უფლებადამცველები აქცენტს ვეტერანთა ყოველდღიურ ყოფაზე აკეთებდნენ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივი გაერთიანება სამართლიანობისათვის“ წარმომადგენელმა დავით შათირიშვილმა განცხადა, ძალიან ბევრი ვეტერანი იმდენად მძიმე პირობებში ცხოვრობს, შიმშილობს და სრულიად დაუცველები არიან.