შშმ ბავშვების პირველი ნაკადი დასასვენებლად ბაკურიანში გაემგზავრა

თბილისის მერიის დაფინანსებით, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პირველი ნაკადი მთის კურორტზე გაემგზავრა. თბილისის მერმა დავით ნარმანიამ, საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ალიბეგაშვილმა და მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსმა გელა ჩივიაშვილმა 3-დან 22 წლამდე 50 შშმ პირი ბაკურიანში გააცილეს.
„დღეიდან დაიწყო ეს პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს 1650 ბენეფიციარისთვის შესაბამისი საგზურის გაცემას, რათა მთის და ზღვის კურორტებზე დაისვენონ იმ ბავშვებმა, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. პირობები არის გაცილებით უკეთესი, ვიდრე ეს წინა წლებში იყო და გასულ წლებთან შედარებით წელს მეტი საგზური გაიცემა. მზადება რამდენიმე თვის წინ დავიწყეთ, რათა განსაკუთრებული ზრუნვის და საჭიროების მქონე ბავშვები ორკვირიანი შუალედით გაემგზავრონ კურორტებზე“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.
მერიის ინფორმაციით, ბავშვები, მშობლებთან ერთად, 13 დღე სასტუმრო „ვერე პალასში“ დაისვენებენ, სადაც მათ ადაპტირებული გარემო, სტადიონი, საცურაო აუზი, მაგიდის ჩოგბურთის, სატრენაჟორო და საბილიარდო დარბაზები დახვდებათ. მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, „შშმ პირთა საკურორტო მომსახურების“ პროგრამის ფარგლებში, წელს მთასა და ზღვაზე უპრეცედენტოდ ბევრი შშმ პირი დაისვენებს. კერძოდ, ბავშვებსა და მათ მშობლებზე 1 650 საგზური გაიცემა. „პროგრამა იმით არის აქტუალური, რომ შშმ პირები ჩაკეტილ გარემოში იმყოფებიან, რაც ცუდად აისახება მათ ჯანმრთელობაზე და საზოგადოებისგან მათი იზოლაციის წინაპირობას ქმნის. აქედან გამომდინარე, შენობებიდან მათი გამოყვანა და თანატოლებთან ერთად სხვა გარემოში დასვენება ბავშვების ჯანმრთელობისა და ემოციური ფონის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა გელა ჩივიაშვილმა. სამგზავრო ავტობუსებს ბაკურიანამდე სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პატრულის ეკიპაჟი გააცილებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები