დღეს სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება

დღეს სენაკისა და ზუგდიდის ოლქებში საკრებულოების შუალედური არჩევნები იმართება. როგორც “კვირას“ცესკოდან აცნობეს, არჩევნები მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით , №64 სენაკის საარჩევნო ოლქის, №64.13 ფოცხოს და №67 ზუგდიდის ოლქის №67.11, ერგეტის ადგილობრივ მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქებში გაიმართება. ორივე მაჟორიტარულ ოლქში რეგისტრირებულები არიან “ქართული ოცნების”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” და “თავისუფალი საქართველოს” კანდიდატები, ხოლო სენაკში ასევე რეგისტრირებულია საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენელი.
დღეს ამომრჩევლებს აღნიშნულ კანდიდატებს შორის მოუწევთ არჩევანის გაკეთება. ორივე ოლქში ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა 2467-ია. სენაკის ერთ უბანზე (ფოცხო) ფიქსირდება 626 ამომრჩეველი, ხოლო მეორეზე (ქვემო ფოცხო) – 689. რაც შეეხება ზუგდიდს, აქ 1152 ამომრჩეველია. საარჩევნო კანონმდებლობის მიხედვით, კენჭისყრის დღეს, კენჭისყრის შენობაში იკრძალება აგიტაცია.
31 მაისს აკრძალულია წინაასარჩევნო ფასიანი და უფასო რეკლამის განთავსება ტელევიზიისა და რადიოს ეთერში; ასევე, კანონით იკრძალება კენჭისყრის დღის 20 საათამდე არჩევნებთან დაკავშირებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების გამოქვეყნება. “კენჭისყრის დღეს დილის 7:00 საათიდან ღამის 12:00 საათამდე იმუშავებს ცენტრალური საარჩევნო კომისიის კონტაქტ-ცენტრი, რომლის ტელეფონის ნომერიც არის – 2 51 00 51; ასევე იქნება ხელმისაწვდომი ონლაინ ჩატი და ონლაინ ოპერატორი.
მოქალაქეებს და დაინტერესებულ მხარეებს შეუძლიათ მოგვმართონ და მოგვაწოდონ არჩევნებთან დაკავშირებული ნებისმიერი სახის ინფორმაცია. ცენტრალური საარჩევნო კომისია 31 მაისს დღის განმავლობაში პერმანენტულად მიაწვდის მედიას და საზოგადოებას ინფორმაციას კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობის შესახებ”, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები