თხინვალამდე მისასვლელ გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო

თბილისის მერმა დავით ნარმანიამ სოფელ თხინვალამდე მისასვლელი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. დავით ნარმანია მერის მოადგილესთან გიორგი სოლომონიასთან, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსთან ავთანდილ სუდაძესთან და თბილისის საკრებულოს წევრებთან ერთად ადგილობრივ მოსახლეობასაც შეხვდა და სასმელი წყლისა და გარე განათების საკითხების მოგვარებას დაჰპირდა.
დავით ნარმანიას თქმით, წინასაარჩევნოდ მიცემული დაპირება სრულდება. მისივე თქმით, გზის რეაბილიტაციის პარალელურად დაიწყება სასმელი წყლის ქსელის მოწყობაც, საგზაო სამუშაოების დასრულების შემდეგ კი თხინვალაში გარე განათება დამონტაჟდება.
სოფელ თხინვალას, რომელიც თბილისს 2006 წელს შეუერთდა, გზის კაპიტალური შეკეთება რამდენიმე ათეული წელია არ ჩატარებია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გრუნტის მოჭრა, ინერტული მასალის შეტანა, გაშლა და დატკეპნა, რის შემდეგაც დაიწყება ასფალტის საფარის დაგება, მოეწყობა ტროტუარები, პარალელურად გაკეთდება სასმელი წყლის ქსელი. თხინვალამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარე წლის მაისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება. პროექტის ღირებულება 703 000 ლარია და სამუშაოებს შპს „ჯეუ გრუპი“ ასრულებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები