გიორხელიძემ და თვალჭრელიძემ პრეზიდენტის მრჩევლის და ექსპერტების შეხვედრა დასრულებამდე დატოვეს

ეკონომიკურ საკითხებში პრეზიდენტის მრჩეველ გიორგი აბაშიშვილისა და ექსპერტების შეხვედრა ანალიტიკოსმა დემურ გიორხელიძემ და ექსპერტმა ალექსანდრე თვალჭრელიძემ დასრულებამდე დატოვეს. აღნიშნულ შეხვედრაზე ეროვნული ბანკიდან საზედამხედველო ფუნქციის გამოყოფის საკითხზე მსჯელობდნენ.
როგორც დემურ გიორხელიძე აცხადებს მან შეხვედრა პროტესტის ნიშნად იმის გამო დატოვა, რომ არ მოეწონა “ნაციონალური მოძრაობის” პოზიციების დამცველი ადამიანები, რომლებიც საქმიდან გამოსავლის პოვნის ნაცვლად, ოპოზიციურ პარტიას იცავდნენ.
“აქ გამოჩნდა ხალხი, რომლებმაც ოღონდ ქადაგიძე დაიცვან და საქართველოს რა მოუვა, სულ ფეხებზე ჰკიდიათ და კიდევ “ნაცმოძრაობას” მისტირიან, ამიტომ გამოვედი”, – აღნიშნა დემურ გიორხელიძემ. მისივე თქმით, იგი ყოველთვის პატივისცემით ეკიდება ნებისმიერი სახელმწიფო სტრუქტურიდან ზარს და მზად არის თავდადებით, რაც კი შეუძლია გააკეთოს.
“გიორგი აბაშიშვილის ზარიც და მისი არაპირველი მიწვევა ჩემთვის ვალდებულებაა, რომ მე მივიდე. ასევე მივდივარ ნებისმიერ სამინისტროში, თუკი სურვილი აქვს ვინმეს, რომ მოისმინოს რაიმე აზრი, რომელიც არ არის კონიუნქტურული და არ არის პირადი ინტერესებიდან გამომდინარე. მე იქ ვნახე ძალიან სერიოზულ საქმეზე ქადაგიძის დამცველი ხალხი. საერთოდ მიმაჩნია, რომ ქადაგიძე კრიმინალია და დასაჭერია. ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის აბსოლუტურად მიუღებელი, რაც ისედაც დანგრეულ ეკონომიკას ანგრევს. ამიტომ ეს “ნაცმოძრაობის” დაქირავებული პროპაგანდისტები ურთიერთობისთვისაც კი არ მიღირს სერიოზულ საქმეში. იყვნენ ისე, ვინც უნდათ ის უყვარდეთ, ვისაც უნდა იმას იცავდნენ, მაგრამ მე იმ გარემოში არ ვიქნები”, – განაცხადა დემურ გიორხელიძემ.
შეხვედრა მასთან ერთად დატოვა ალექსანდრე თვალჭრელიძემაც.
წყარო: “ინტერპრესნიუსი”

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები