აუდიტის სამსახური “ივერიასთან” დაკავშირებით განმარტებას აკეთებს

  • საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახური არ ამოწმებს, – ამის შესახებ „კვირას“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელმა ზურა აზნაურაშვილმა განუცხადა.

    მისივე თქმით, სახელმწიფო აუდიტმა საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ წერილობით მიმართა და პარტიის წესდება მოითხოვა.

    „საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიის“ დამფუძნებლებმა 2015 წლის მარტში განაცხადეს, რომ მომავალ არჩევნებში მონაწილეობას ღებულობდნენ. კანონის ფარგლებში, 20 მაისს, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა „ივერიის“ დამფუძნებელს ნიკოლოზ რურუას წერილობით მიმართა, რომ პარტიის წესდება წარმოედგინათ. ეს არის კანონით გათვალისწინებული, პარტიის მიმართ, რომელსაც სურვილი აქვს არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს… მათ უნდა წარმოადგინონ წესდება, ხოლო შემდეგ დაფინანსების შესახებ ინფორმაცია, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება. ეს არის საჯარო ინფორმაცია, რომელსაც საქართველოში ყველა მოქმედი პარტია წარადგენს. ვფიქრობ, ნიკოლოზ რურუასა და ნიკოლოზ ვაშაკიძის დღევანდელი განცხადებები, საკუთარ პიარისთვის იყო გათვლილი“, – განუცხადა „კვირას“ ზურა აზნაურაშვილმა.
    შეგახსენებთ, რომ კულტურის ყოფილმა მინისტრმა ნიკოლოზ რურუამ და საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ნიკოლოზ ვაშაკიძემ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ინფორმაცია გამოაქვეყნეს, სადაც მოძრაობა „ივერიაში“ აუდიტის შესვლას აპროტესტებდნენ.
    როგორც ნიკოლოზ ვაშაკიძემ, აღნიშნა, აუდიტის სამსახურს ორგანიზაციის ფინანსური საქმიანობის შესწავლის სრული უფლება აქვს, თუმცა დრო საეჭვოდ არსი შერჩეული. “გუშინ ვთქვით, რომ არჩევნებისთვის ვემზადებით და შემოვიდა აუდიტის სამსახური, რაც ერთმანეთს ემთხვევა. შეამოწმონ, ამის უფლება აქვთ. ორგანიზაციას დიდი ფინანსური აქტივობები არ აქვს”, – აღნიშნა ვაშაკიძემ. მოგვიანებით, საზოგადოებრივი მოძრაობა „ივერიას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი მამუკა გამყრელიძემ განაცხადა, რომ აუდიტის სამსახურიდან საზოგადოება “ივერიის” სახელზე მხოლოდ წერილი მივიდა და არავინ შესულა.

    „არავინ არ შემოსულა, უბრალოდ მოგვივიდა წერილი აუდიტის სამსახურიდან, რომ წარვადგინოთ საბუთები საზოგადოება „ივერიის“. იქ აღნიშნულია კანონის მუხლები, თუ განცხადებაა გაკეთებული, რომ საზოგადეობა ან ფიზიკური პირი გამოხატავს ინტერესს, რომ არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა, შესაბამისად მან საბუთი უნდა წარმოადგინოს. დაზუსტებით ვერაფერს გეტყვით, ალბათ შემდგომში მოხდება კომუნიკაცია აუდიტის სამსახურთან. საპანიკო არაფერია. ვაშაძის განცხადებასთან დაკავშირებით არის წერილი გამოგზავნილი, დაზუსტებით არაფერი გვითქვამს, მაგრამ შესაძლოა არჩევნებში მონაწილეობა მივიღოთ“, – განაცხადა მამუკა გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები