თბილისის მერია 26 მაისის ღონისძიებების განრიგს აქვეყნებს

საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, 26 მაისის ღონისძიებების ფარგლებში თბილისის მერია რუსთაველის გამზირზე მოსახლეობის წინაშე ერთგვარი ანგარიშით წარდგება.
დედაქალაქის მერიის პავილიონში, რომელიც ცისფერი გალერეიდან ფურცელაძის ქუჩის დასაწყისამდე იქნება განთავსებული, წარმოდგენილი იქნება თბილისში განხორციელებული და მიმდინარე ინფრასტრუქტურული, სოციალური, გამწვანების და სხვა პროექტების გამოფენა.
მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ ადგილზე გაეცნონ მათთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების შესახებ.
პავილიონში ასევე გამოიფინება გლდანის ხიდსა და დიღმის მასივს შორის მდებარე მდინარე მტკვრის კალაპოტისა და სანაპირო არეალის რეკონსტრუქციის პროექტის კონცეფციია, რომლის პრეზენტაციაც დღეს გაიმართა.
წარმოდგენილი იქნება ასევე „ტექნოლოგიური განვითარების ფონდის“ ერთ-ერთი მიმდინარე პროექტი „ბიზნეს-ინკუბატორი“, იგივე FabLab, რომლის მიზანია დამწყები მეწარმეების (Start Up-ების) და ინოვატორების ხელშეწყობა, რაც დაეხმარება და სტიმულს მისცემს ქვეყნის განვითარებასა და ეკონომიკურ ზრდას.
გარდა ამისა, პავილიონში წარმოდგენილი იქნება თბილისის მერიისა და “ტექნოლოგიური განვითარების ფონდის” ახალი პროექტი – “სითი ფორუმი – ერთად ვიზრუნოთ თბილისზე”. პროექტის მიზანია ქალაქის დემოკრატიული მმართველობის ხელშეწყობა და დედაქალაქის მთავრობის საქმიანობაში მოსახლეობის მაქსიმალური ჩართულობა. პროექტის სტენდზე განთავსებული იქნება სპეციალური აპლიკაციის ფორმა, რომლის შევსებაც და საკუთარი ინიციატივების დაფიქსირება მოქალაქეებს ადგილზე შეეძლებათ.
პავილიონის გვერდით განთავსდება სცენა, რომელზეც თბილისის ტანვარჯიშის ფედერაციის სპორტსმენები მთელი დღის განმავლობაში მხატვრულ ტანვარჯიშის პროგრამას წარმოადგენენ. იქვე სახელოვნებო სკოლების მოსწავლეები საკუთარ ნახატებს გამოფენენ.
თბილისის მერიის კიდევ ერთი ლოკაცია პავილიონის მიმდებარედ, დეკორატიული სკვერი იქნება, სადაც მევიოლინე ბავშვები კლასიკურ ნაწარმოებებს შეასრულებენ. იქვე ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია მთელი დღის განმავლობაში საკუთარ პროგრამას წარმოადგენს. ტერიტორიაზე ასევე იმოძრავებენ ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის „თბილისი-2015“ ანიმატორები.
პირველი კლასიკური გიმნაზიის წინ გაიმართება ყვავილების ფესტივალი “ვარდობისთვე თბილისში”, რომელიც წელს მეთერთმეტედ ტარდება. ყვავილების ფესტივალის ტერიტორიაზე განთავსებულ სცენაზე ბავშვთა სასულე ორკესტრი კონცერტს გამართავს.
დღესასწაულის დასკვნითი ნაწილი მუსიკალური პროექტი „ჩემო ციცინათელა“ იქნება, რომელიც სპეციალურად 26 მაისისთვის მომზადდა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეძღვნება. პარლამენტის შენობის წინ დამონტაჟებულ სცენაზე კონცერტი გაიმართება, რომელზეც 1918-21 წლების პირველი რესპუბლიკის პერიოდის სიმღერები ახალი, თანამედროვე ჟღერადობით შესრულდება. მაყურებელი იხილავს საინტერესო კომპილაციებს, მოისმენს ახალ დუეტებს, შეხვდება ქართული საესტრადო, ჯაზური, ელექტრონული, პოპ და როკ მუსიკის ვარსკვლავებს.
პროექტის რეჟისორია ბასა ფოცხიშვილი, მუსიკალური პროდიუსერი – დავით ევგენიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები