პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში სამუშაო შეხვედრა გამართეს

საქართველოს პროკურატურის თანამშრომლებმა ბათუმში, სასტუმრო „შერატონში“, ევროკავშირის და ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართეს, რომელიც საქართველოს მთავარმა პროკურორმა გიორგი ბადაშვილმა გახსნა.
ორდღიანი შეხვედრის ფარგლებში, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტის უფროსები, სამმართველოს უფროსები, საოლქო და რაიონული პროკურორები დაკავებისა და პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებს გაეცნენ, მიიღეს ინფორმაცია საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებებისა და საპროკურორო საქმიანობის სფეროში არსებული საერთაშორისო აქტების შესახებ.
აღნიშნული შეხვედრა წარმოადგენს დაკავებისა და პატიმრობის სტანდარტებთან დაკავშირებით პროკურორთა სწავლების იმ პროცესის გაგრძელებას, რომელიც ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტის, ევროკავშირის პროექტის კონსულტანტის – ჯერემი მაკბრაიდის მონაწილეობით 2014 წელს დაიწყო. სწავლების მეორე ეტაპი.
2014 წლის 2-4 მარტს სტრასბურგში ევროპის საბჭოში სასწავლო ვიზიტის დროს განხორციელდა. სათანადოდ მომზადებული პროკურორები 2015 წლის ივნისსა და ივლისში დაკავებისა და პატიმრობის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით გათვალისწინებულ სტანდარტებთან დაკავშირებით სხვა თანამშრომლებს გადაამზადებენ.
სწავლების მიზანია დაკავებისა და პატიმრობის მოთხოვნის დასაბუთებულობის, მოქმედი პრაქტიკის საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. პროგრამა ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს პროექტების „სისხლის სამართლის სისტემის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში“ და „მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობის და ეფექტიანობის გაძლიერება საქართველოში“ მხარდაჭერით ხორციელდება.
შეხვედრის ფარგლებში პროკურორებმა ასევე განვლილი საპროკურორო საქმიანობა შეაფასეს, გაიმართა დისკუსია მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებზე, საკანონმდებლო სიახლეებზე და განისაზღვრა პროკურატურის საქმიანობის პრიორიტეტული მიმართულებები.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები