ფრაქციის – “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” წევრები მერიის ტრანსპორტის სამსახურის წარმომადგენლებს შეხვდნენ

მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრებსა და თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსს გიორგი გურგენიძეს, ასევე შპს “თბილისის სატრანსპორტო კომპანიის” გენერალური დირექტორის პირველ მოადგილეს გიორგი ბელთაძეს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.
საკრებულოს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა თბილისის სატრანსპორტო სისტემაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს.
ერთ-ერთი მწვავე პრობლემა თბილისის მუნიციპალური ტრანსპორტის ავტოპარკია, რომელიც, როგორც შეხვედრაზე სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, საჭიროებს სერიოზულ განახლებას. “დღეს ყოველდღიურად ხაზზე გადის 511 ერთეული ავტობუსი. 58 ავტობუსი ძრავის დაზიანების გამო მწყობრიდანაა გამოსული და თუ გავითვალისწინებთ, რომ 80 ავტობუსს ყოველდღიურად ესაჭიროება ზეთის დამატება, მათი ძრავებიც უმოკლეს დროში შესაკეთებელი გახდება. 7 ავტობუსი ჩამოიწერა და ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება. პარკის სიძველის გამო გაუარესებულია ავტობუსების ტექნიკური მდგომარეობა, რის გამოც ყოველდღიურად ხაზიდან უკან ბრუნდება საშუალოდ 80-100 ავტობუსი”, – განაცხადეს სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა.
დღევანდელ შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აუცილებელია ერთიანი სატრანსპორტო სისტემის გენერალური გეგმის შემუშავება, რომელიც მოიცავს საგზაო ქსელის მოწესრიგებას, მოძრაობის ორგანიზებას, ავტოპარკინგის პოლიტიკას, სამარშრუტო სქემების დახვეწას, ველობილიკებისა და ფეხით მოსიარულეთა ბილიკების კეთილმოწყობას, ასევე მიწისქვედა და მიწისზედა გადასასვლელების მოწესრიგებას, საბაგირო გზების გაკეთებას.
სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ თბილისს ამ დრომდე აღნიშნული გენერალური გეგმა არ აქვს და მის შესამუშავებლად უცხოელი, გამოცდილი ექსპერტების ჩართვა აუცილებელია, რაც ბიუჯეტიდან ფინანსების მოძიებას მოითხოვს.
ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” აუცილებლად მიიჩნევს სატრანსპორტო სისტემის გენერალური გეგმის შემუშავებას და მასთან დაკავშირებული დამატებითი ღონისძიებების რეალიზებას. შეხვედრაზე მხარეები შეთანხმდნენ, რომ დასახავენ გრძელვადიანი და მოკლევადიანი პრობლემების გადაჭრის გზებს. ფრაქცია “ქართული ოცნება-რესპუბლიკელები” შემდგომშიც განაგრძობს სატრანსპორტო სისტემის გაუმჯობესების სამომავლო ინიციატივებზე თბილისის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის მესვეურებთან სამუშაო შეხვედრებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები