„კასპიან აგროზე” ქვეყნის საუკეთესო წარმოჩენისათვის საქართველოს სტენდი სპეციალური სიგელით დაჯილდოვდა

როგორც “კვირას“ სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს, ბაქოში აზერბაიჯანის კვების მრეწველობის 21-ე საერთაშორისო გამოფენა და სოფლის მეურნეობის მე-9 საერთაშორისო გამოფენა „კასპიან აგრო” გაიმართა.
საქართველოს დელეგაციას სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, გოჩა ცოფურაშვილი ხელმძღვანელობდა.
გამოფენაში მონაწილეობა 300-მდე უცხოურმა და ადგილობრივმა კომპანიამ მიიღო და 7 000-მდე სტუმარმა დაათვალიერა.
“მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ გამოფენას აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი სტუმრობდა. პრეზიდენტმა საქართველოს სტენდი დაათვალიერა, ქართველ მეწარმეებს წარმატებები უსურვა და აღნიშნა, რომ მისასალმებელია, გამოფენაზე საქართველო ასეთი მრავალფეროვანი პროდუქციით პირველად წარდგება.
ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, გოჩა ცოფურაშვილმა ორმხრივი შეხვედრები აზერბაიჯანის, ლიტვის და ბელორუსიის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილეებთან გამართა. შეხვედრებზე მხარეებმა აგრარულ დარგში სახელმწიფოს ხელშეწყობით მიმდინარე პროექტები განიხილეს და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს.
საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით აღნიშნულ გამოფენაში მონაწილეობა მიიღო 8 ქართულმა კომპანიამ: სს “წყალი მარგებელი”, შპს “მაერნეულის სასურსათო ქარხანა”, შპს აქვა გეო”, მილდიანი, სს “ბაგრატიონი 1882”, შპს “ბარამბო”, შპს “ლივო” და შპს “ევრონატი”. ქართულ სტენდზე წარმოდგენილი იყო შემდეგი ადგილობრივი პროდუქცია: ღვინო, ცქრიალა ღვინო, მინერალური და მტკნარი წყლები, ნატურალური წვენები, საკონსერვო ნაწარმი, რძის ნაწარმი და სხვა“,- აცხადებენ სოფლის მეურნეობის სამინისტროში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები