შსს-ს თბილისის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები ეწვივნენ

შს სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ მთავარ სამმართველოს, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროექტის „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ფარგლებში, თბილისის „ევროპული სკოლის“ მოსწავლეები და მათი პედაგოგები ეწვივნენ. სამინისტროს ინფორმაციით, პროექტს შინაგან საქმეთა სამინისტრო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშრომლობით ახორციელებს. სტუმრებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს კინოლოგიის სამსახურის უფროსმა ზვიად ნიჟარაძემ უმასპინძლა.

საექსპერტო-კრიმინალისტიკური მთავარი სამმართველოს წარმომადგენლები მოსწავლეებს სამმართველოს საქმიანობის სპეციფიკაზე ესაუბრნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შემდეგ სტუმრებმა დაათვალიერეს კინოლოგიის სამსახური, გაეცნენ კვალის და სუნის აღების საშუალებებს, დაესწრნენ თითის ანაბეჭდების აღების პროცედურას, მონაწილეობა მიიღეს დანაშაულის და გამოძიების სიმულაციურ თამაშში. ღონისძიების მიზანი იყო მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მოზარდთა სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე წლის 1 მაისიდან დაიწყო საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია, რომლის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობა სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთობის ფორმების და მოქალაქეების უფლებების შესახებ, არასრულწლოვანთა შორის დანაშაულის პრევენცია მართლწესრიგისა და უსაფრთხოების საკითხებზე მათი სამოქალაქო ცნობიერების განვითარების ხელშეწყობის გზით. კამპანიის ფარგლებში, საინფორმაციო-საგანმანათლებლო პროგრამა „მართლწესრიგის უზრუნველყოფისა და დანაშაულის პრევენციის პროგრამა საჯარო სკოლებისთვის“ ხორციელდება როგორც დედაქალაქის, ისე რეგიონების საჯარო სკოლებში, მათ შორის, არაქართულენოვან სკოლებში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები