რიგის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი უკვე ცნობილია -რა წერია დოკუმენტში

აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის. თუმცა აღნიშნულია, აღნიშნულ საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გაკეთდება პროგრესის შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შესთავაზებს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებას.

“სამიტის მონაწილეები მიესალმებიან საქართველოსა და უკრაინის მიერ მიღწეულ პროგრესს ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის განხორციელებასთან დაკავშირებით, როგორც ეს ევროკომისიის ბოლო დასკვნაშია აღნიშნული. ისინი მოუთმენლად ელოდებიან უკრაინისა და საქართველოს მიერ ვიზა-ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მეორე ეტაპის დასრულებას, როდესაც ყველა მოთხოვნილი რეფორმის პუნქტები შესრულდება. ისინი ასევე მიესალმებიან კომისიის მზაობას, გააკეთოს ყველაფერი უკრაინისა და საქართველოს მხარდასაჭერად სამოქმედო გეგმის განხორციელების დროს, აგრეთვე, სურვილს – დაასრულონ ანგარიშის მომზადება საქართველოსა და უკრაინის პროგრესის შესახებ 2015 წლის ბოლომდე”, – აღნიშნულია დეკლარაციის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები