იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომაზე 19 საკითხი განიხილეს

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში იურიდიულ საკითხთა კომისიის სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 19 საკითხი განიხილეს. თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, სხდომას კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძე უძღვებოდა.

კომისიის წევრების გარდა, სხდომას ესწრებოდნენ: თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები, საბურთალოსა და კრწანისის რაიონების გამგებლები – ბექა მიქაუტაძე და გიორგი კოპალეიშვილი, ქონების მართვის სააგენტოს უფროსი – კარლო ლაფერაძე და მერიის წარმომადგენელი საკრებულოში – ავთო ხარატი.

კომისიის წევრებმა მერიის სატრანსპორტო სამსახურის წარმომადგენლებს და გამგებლებს მოუსმინეს და მათ მიერ წარმოდგენილ საკითხებს დადებითი რეკომენდაცია მისცეს.

ასევე მოისმინეს საკრებულოში მერიის წარმომადგენლის ავთო ხარატის მიერ წარმოდგენილი საკითხები, რომლებიც მერიის იურიდიული და კულტურის სამსახურების და არქეოლოგიური სარეკომენდაციო საბჭოს დებულებების დამტკიცებას, ასევე იურიდიული და კულტურის სამსახურებისა და მერიის ადმინისტრაციის საშტატო ნუსხების დამტკიცებას ეხებოდა. საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განსახილველად დადებითი რეკომენდაცია მიეცა. ქონების მართვის სააგენტოს უფროსის კარლო ლაფერაძის მიერ წარმოდგენილი საკითხები თბილისის მუნიციპალიტეტის მოძრავი ქონების საპრივატიზაციო ნუსხისა და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცებას, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების ელექტრონული აუქციონის ფორმით – იჯარით გადაცემის თანხმობას ეხებოდა. კომისიის წევრების გადაწყვეტილებით, საკითხებს საკრებულოს სხდომაზე განხილვისათვის დადებითი რეკომენდაცია მიეცათ.

გარდა ამისა, კომისიის წევრების მიერ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, თბილისის საკრებულოს რეგლამენტის შესახებ დადგენილებაში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით იურიდიული კომისია მუშაობას დაიწყებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები