საავტომობილო გზების დეპარტამენტი რუისში გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთზე გამართულ აქციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი განმარტავს, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის რუისი–აგარას მონაკვეთის მიმდებარედ, დაგეგმილია ადგილობრივი მიმოსვლის საავტომობილო გზების მოწყობა.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლები ადგილზე გაეცნენ სიტუაციას და მოსახლეობას შეხვდნენ. მიღებულია გადაწყვეტილება, რომ უახლოეს პერიოდში დაიწყება დეტალური პროექტის მომზადება და პროცედურების შესაბამისად შესრულდება სამუშაოები.

პროექტის საბოლოო დასრულებამდე, მოსახლეობისთვის მოეწყობა ჩქაროსნული მაგისტრალიდან გადასასვლელი დროებითი მიერთების გზები, რაც ადგილობრივებს შეუფერხებლად გადაადგილების საშუალებას მისცემს.

შეგახსენებთ, რომ თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის რუისის მონაკვეთის მიმდებარედ საპროტესტო აქცია გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული ნაწილი ავტობანის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბა. რუისელები, ავტობანის მშენებლობის გამო, სოფელთან მისასვლელი რამდენიმე გზის გაუქმებას აპროტესტებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადგილობრივმა მოსახლეობამ პროტესტი მშენებლობის პროცესშიც გამოთქვა, თუმცა ამბობენ, რომ მათი მოსაზრებები არავის გაუთვალისწინებია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები