სასამართლომ დავით კეზერაშვილს 7 400 000 დოლარი დაუყადაღა
თბილისის საქალაქო სასამართლომ თავდაცვის ექსმინისტრის დავით კეზერაშვილის მონაკოში არსებული ანგარიში – 7 400 000 დოლარი დააყადაღა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ ზეპირი მოსმენით მიიღო. დავით კეზერაშვილის ადვოკატი შოთა მინდელი ანგარიშების დაყადაღებას უკანონოდ მიიჩნევს და აცხადებს, რომ ამაზე სამართლებრივ რეაგირებას მოახდენს.
“პროკურორმა ბრძანა, რომ ყადაღა დაედო ამ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე. უნდა მოგახსენოთ, რომ იმ საქმეში კეზერაშვილი საერთოდ ბრალდებულადაც არ არის ცნობილი. საქმე გამოიყო აბსოლუტურად სხვა პირების მიმართ. იქ კეზერაშვილის გვარიც კი არ არის ნახსენები. შესაბამისად, პროკურატურამ გვერდის ავლით, სრულიად სხვა საქმეში, სადაც კეზერაშვილს ბრალიც არ აქვს წაყენებული, მოახდინა თანხის დაყადაღება, რაც გამაოგნებელია”, – განაცხადა ადვოკატმა შოთა მინდელმა.
პროკურორის განმარტებით, აღნიშნულ ანგარიშზე ფრანგული მხარე პირდაპირ უთითებდა, რომ ეს წარმოადგენდა კორუფციული გზით მიღებულ თანხას.
“კეზერაშვილის ანგარიშების დაყადაღება ზეპირი მოსმენის საფუძველზე მოხდა ძირი საქმიდან გამოყოფილ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელშიც მართალია დავით კეზერაშვილი ბრალდებული არ არის, მაგრამ საპროცესო კანონმდებლობა იძლევა შესაძლებლობას, დადებულ იქნას ყადაღა, თუ არსებობს ეჭვი, რომ ეს არის დანაშაულებრივი გზით მიღებული თანხა,”-განაცხადა მერაბ ჯანაშვილმა.