ციხის ექთნებისთვის პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო

  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრომ, ევროპის საბჭოსა და საქართველოს უნივერსიტეტის მხარდაჭერით, ციხის ექთნების პროფესიული განვითარების პროგრამა დაიწყო. სამინისტროს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ციხეებში მომუშავე 75 ექთანი შეისწავლის საექთნო საქმის თანამედროვე პრინციპებს, პაციენტებთან კომუნიკაციას, ზოგად საექთნო ჩვევებს, კრიტიკულ სიტუაციებში ქცევის წესებს, თავდაცვის ტექნიკას, ინფექციის კონტროლის საკითხებს, მედიკამენტების სწორად შენახვასა და ადმინისტრირებას, პაციენტის საბაზისო მოვლასა და ძირითად საექთნო მანიპულაციებს.
პრაქტიკული მეცადინეობები ჩატარდება საქართველოს უნივერსიტეტის „სიმულაციურ ჰოსპიტალში“, მულტიფუნქციური მანეკენებისა და სხვადასხვა სიმულატორის გამოყენებით. ექთნების სამუშაო პროცესიდან მოწყვეტის თავიდან აცილების მიზნით, მეცადინეობები პარასკევს, დღის მეორე ნახევარში და შაბათ-კვირას არის დაგეგმილი. სასჯელაღსრულების სამინისტროს ცნობით, პროფესიული განვითარების პროგრამის მაღალ ხარისხს უზრუნველყოფენ მოწვეული ადგილობრივი პროფესორები, ექთანთა ასოციაციის წევრები და უცხოელი სპეციალისტები. ხარისხიან სწავლებას საქართველოს უნივერსიტეტის თანამედროვე საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურაც შეუწყობს ხელს.
პროგრამის დასასრულს წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ „კვალიფიციური ექთნის“ სტატუსს და სამსახურებრივ წახალისებას. პროგრამა ციხის ექთნების პროფესიულ ჩვევებს აამაღლებს, განათლების უწყვეტობის პრეცედენტს შექმნის, ციხის ჯანდაცვის სისტემაში ევროპული სტანდარტებისა და ადამიანის უფლებების განხორციელებას ჩაუყრის საფუძველს, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ციხეებში უფრო ჯანმრთელი და უსაფრთხო გარემოს შექმნას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები