ადამაშვილი გიგაურს პასუხობს: სასამართლომ დოკუმენტების საფუძველზე გადაწყვიტოს, ბოდიში ვინ მოიხადოს

არასამთავრობო ორგანიზაცია „პოზიციას“ აღმასრულებელი დირექტორი გურამ ადამაშვილი “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” ინ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ორგანიზაცია და მისი დირექტორი ეკა გიგაური გოგა ხაინდრავასა და გურამ ადამაშვილისგან ფაქტების საჯაროდ უარყოფას, ბოდიშის მოხდას და სიმბოლური თანხის, 30 თეთრის გადახდას ითხოვენ.
როგორც ადამაშვილმა „კვირასთან“ საუბრისას განაცხადა, საზოგადოების წინაშე ბოდიში თავად ეკა გიგაურმა უნდა მოიხადოს. მისივე თქმით, გიგაურის შესახებ მისი განცხადება ეყრდნობა ოფიციალურ დოკუმენტს, რის საფუძველზეც სასამართლოს შეუძლია გადაწყვიტოს, ბოდიში ვინ მოიხადოს.
“ვფიქრობ, ბოდიში თავად გიგაურმა უნდა მოიხადოს საზოგადოების წინაშე. არის 2007 წელს შედგენილი ოფიციალური დოკუმენტები, საიდანაც ირკვევა, რომ იგი მონაწილეობდა 2007 წლის აქციაში. ადამიანია და თავის უფლებებს იყენებს. კი, ბატონო, სადაც უნდა, იქ იჩივლოს. მტკიცებულება ეს დოკუმენტია, რომელზეც ეკა გიგაურმა ხელი მოაწერა და ღიად დააფიქსირა თავისი პოზიცია. ამაზე მეტი მტკიცებულება არ ვიცი, რა შეიძლება იყოს. სასამართლომ ამ დოკუმენტის საფუძველზე თვითონ უნდა გადაწყვიტოს, მე მაქვს ბოდიში მოსახდელი, თუ თავად გიგაურს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ადამაშვილმა.
ორგანიზაცია “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” და მისი აღმასრულებელი დირექტორი ეკა გიგაური რეჟისორ გოგა ხაინდრავას და არასამთავრობო ორგანიზაცია “პოზიციის” დირექტორს, გურამ ადამაშვილს ცილისწამებისათვის თბილისის საქალაქო სასამართლოში უჩივის. ცილისწამების, საქმიანი რეპუტაციის, პატივისა და ღირსების შელახვით მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით, ეკა გიგაური და “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო” ადამაშვილისა და ხაინდრავასგან ქართული მედიის საშუალებით ფაქტების საჯაროდ უარყოფას, ბოდიშის მოხდას და სიმბოლური თანხის, 30 თეთრის გადახდას ითხოვენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები